ჩეხურმა ჟურნალმა “დენიკმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველო და მისი ტრადიციები აგდებით არის მოხსენიებული, კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში. კერძოდ, აბუჩად იგდებენ მართლმადიდებელ ეკლესიას (ქუჩების კურთხევის გამო), მაგრამ არც საერო სფეროს ინდობენ.
სურათზე: “ლგბტ”-მსვლელობა ჩეხეთში.
სტატიის ავტორები, პეტრა პროხაზკოვა და ჯიმი დაბრუნდაშვილი ამტკიცებენ, რომ საქართველოდან ამას წინათ ჩეხეთში და სლოვაკეთში დაბრუნებული 6 ტურისტი კორონავირუსით დაავადებული აღმოჩნდა, ინფექცია კი მათ საქართველოში გადაედოთ, რასაც ქართველი ექიმები, თურმე, ვერ ადგენენ. სტატიის ავტორთა აზრით, საქართველო ევროპას საფრთხეს შეუქმნის, როდესაც საზღვრები ისევ გაიხსნება.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა “დოტაციებს” იღებს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსგან, მაგრამ, ციტატა: “ძველებურად განიცდის უკიდურეს არაპროფესიონალიზმსა და კორუფციას. Covid-19-ის გავრცელების პირობებში, ეს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი პრობლემაა” – ამტკიცებენ ჩეხი და ჩეხ-ქართველა ავტორები. ისინი ასევე მიუთითებენ, რომ ქართველ ჟურნალისტებს “გამოძიება” ჩაუტარებიათ, რომელმაც აჩვენა, რომ “ბევრ შემთხვევაში ექიმებს არ შეუძლიათ სწორი დიაგნოზის დასმა ან სპეციალურად სვამენ უფრო მძიმე დიაგნოზებს, რათა პაციენტი აიძულონ, მეტი გადაიხადოს”.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ვისი დაკვეთაა 28 მარტის “დენიკში” გამოქვეყნებული სტატია, რომლის რუსული თარგმანი inosmi.ru-ზე არის განთავსებული.
ცნობისათვის: ჩეხეთი აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე უფრო ათეისტური ქვეყანაა. ამავე დროს, იმავე აღმოსავლეთ ევროპაში, მთელ პოსტკომუნისტურ სივრცეში, ჩეხეთი პირველ ადგილზეა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით (3600-მდე ინფიცირებული, დღეის მდგომარეობით). როგორც ჩანს, ეს ორი კომპონენტი ერთად მეტ აგრესიას იწვევს მართლმადიდებელი მრწამსის წარმომადგენელთა მიმართ.