გვინდა, რომ ეს პიარი იყოს და არა ამ დონის არაკომპეტენტურობა და სისულელე – თბილისში, ცენტრალური ქუჩების სამანქანო ნაწილს (!) რეცხავენ…
“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ წუთებში თბილისში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება პეკინის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირსა (მეტრო რუსთაველიდან ბარათაშვილის ხიდამდე) და ჰუალინგის დასახლების მიმდებარედ (ვარკეთილის მეტრომდე). ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გზის მორეცხვის სამუშაოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი სპეციალური ხსნარებისა და ტექნიკის საშუალებით ანახორციელებს” – იუწყება “საზოგადოებრივი მაუწყებელი” და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, კორონავირუსი, ისევე, როგორც სხვა ვირუსები, მშრალ ადგილზე საკმაოდ სწრაფად კვდება. ასევე ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ კორონავირუსის გადადების შესაძლებლობის ძიება შუაგულ ქუჩაზე, სადაც მანქანები დადიან, ნაკლებ სავარაუდებელია. თანაც გაუგებარია, რატომ იქნა არჩეული მაინცდამაინც ეს მარშრუტი.
გამომდინარე აქედან, სჯობს, ძვირადღირებული სპეციალური ხსნარები გამოვიზოგოთ და პრობლემური შენობები შეიწამლოს გარედან და შიგნიდან, პიარი კი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უფრო კეთილსინდისიერად განვახორციელოთ.
სამომავლოდ, კარგი იქნება, მერია თუ დაავალდებულებს სახელმწიფო და კერძო სექტორს, ოფისებს, მაღაზიებს, ბაზრობებს, რომ მათ საკუთარი ძალებით (ან მერიის ხელშეწყობით) რეგულარულად რეცხონ თავიანთი მიმდებარე ტერიტორიები, ტროტუარები, სპეციალური ხსნარებით, ხოლო სისუფთავეს მიუჩვეველი მოქალაქეებისათვის, რომლებიც ახლა ნახმარ ნიღბებს და ხელთათმანებს ყრიან პირდაპირ ასფალტზე და სადარბაზოებში, ასევე იფურთხებიან, ზოგი შარდავს კიდეც და სხვა უმსგავსობებს სჩადიან მასობრივად, შემოღებულ იქნას სერიოზული ჯარიმები!