კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიოში ბევრ ხელისუფლებას უშველა პოლიტიკურად, ვინაიდან კრიზისული ვითარებები სახელმწიფო მართვის ბერკეტების მფლობელთ ეხმარება, შესაძლოა, ამერიკაში სხვანაირად აისახოს.
საქმე ისაა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი შიდაპოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიღწევა – ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა, საფრთხის ქვეშ დგება.
“ნიუ-იორკ ტაიმსი” აშშ შრომის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასულ კვირაში 6,6 ამერიკელმა განაცხადა უმუშევრობის შესახებ, რასაც ემატება კიდევ 3,3 მილიონი ამერიკელი, რომლებიც იმის წინა კვირას გახდნენ უმუშევრები. გამოდის, რომ ორი კვირის მანძილზე აშშ-ში სამსახური თითქმის 10-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა!
ნორმალურ ვითარებაში უმუშევრობის ასეთ ზრდას თვეები ან კვარტლები სჭირდება. “სამუშაო ადგილების დაკარგვის სისწრაფე და მასშტაბი უანალოგოა” – წერს New York Times . გაზეთის ცნობით, 1982 წლის ერთ კვირაში 695 ათასი დაკარგული სამუშაო ადგილი აღირიცხა, რაც ძალიან ცუდ მაჩვენებლად ითვლებოდა დღემდე.
შესაბამისად, გასაგები ხდება, რატომაც ჩქარობს ტრამპი შეცდომის გამოსწორებას და კარანტინის სწრაფად დასრულებას. მთავარი მიზეზი ამ ვითარებისა კი, ამერიკაში არსებულ მოძველებულ და რადიკალურ კაპიტალისტურ სისტემას რომ თავი დავანებოთ, მდგომარეობს იმაში, რომ ვაშინგტონი, ათწლეულების მანძილზე, შეუდარებლად მეტ თანხებს გამოყოფს სამხედრო მიზნებისათვის, ვიდრე ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად, რომელიც საშუალებას მისცემდა ამერიკას, თავიდან აერიდებინა კორონავირუსის მასშტაბური ეპიდემია.