ავიარეისი, რომელიც საქარველოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს, 18 აპრილს, საღამოს შესრულდება

საქართველოში წმინდა ცეცხლს, Georgian Airways-ის თელ ავივი-თბილისის სპეცრეისით ჩამოიტანენ. არსებული ინფორმაციით, ავიარეისი, რომელიც საქარველოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს, 18 აპრილს, საღამოს შესრულდება. აღნიშნული რეისით სამშობლოში საქართველოს მოქალაქეებიც დაბრუნდებიან, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ.

ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან.

“წელს, მაცხოვრის საფლავის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაული განსხვავებულ პირობებში გაიმართება. ღვთისმსახურებას 15-მდე აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენელი დაესწრება, ხოლო წმინდა ცეცხლის გაგზავნა მართმადიდებლურ ქვეყნებში მოხდება შესაბამისი დელეგაციებისა დ ისრაელის პოლიციის ესკორტის დახმარებით.

გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან”,  – განაცხადა  ელჩმა.

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება.

აღდგომის კვირა კათოლიკური ეკლესიისთვის წელს 5 აპრილიდან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე სომხური, კოპტური, სირიული კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის კი, 12 აპრილიდან იწყება.

ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. მათ ცეცხლს თვითმფრინავში მიაწვდიან. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

 

წყარო: “ალია”