ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სტატისტიკას იშველიებს და რეალურ, საღ ლოგიკას მიჰყვება. კერძოდ, ქ-ნი მაია, სოციალურ ქსელში სეზონური გრიპის სტატისტიკას განიხილავს. ირკვევა საინტერესო ფაქტები (მასალა აღებულია “ჰოტნიუსიდან“):
„აშშ სტატისტიკა: შარშანდელ გრიპის სეზონზე სიმპტომური გრიპი ჰქონდა 36 მილიონამდე ადამიანს, მოხდა 490,561-ის ჰოსპიტალიზაცია და ამ დიაგნოზით გარდაიცვალა 34,157 ადამიანი.
სერიიდან – ხშირად დასმული შეკითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით…სად შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიური სეზონური გრიპის სტატისტიკა? (განსაკუთრებული ინტერესია ამ მხრივ იტალიის, ესპანეთის და აშშ სტატისტიკის მიმართულებით) გრიპის თითოეული შემთხვევის აღრიცხვა, როგორც ამას კორონავირუსის შემთხვევაში აწარმოებენ, სეზონური გრიპისთვის არ ხდება. გრიპზე არ არის ჩართული Worldometers:).
გრიპის სტატისტიკა იწარმოება შემდეგნაირად: არსებობს წინასწარ შერჩეული კლინიკები, ე.წ. საყრდენი ბაზები (ეპიდემიოლოგიაში დაავადებების აღრიცხვის ამ მეთოდს უწოდებენ სენტინელურ ზედამზედველობას-უკაცრავად ბევრი ტექნიკური ტერმინისთვის), სადაც ხდება გრიპზე დიაგნოსტიკა და შესაბამისი აღრიცხვა. შემდეგ ამ ციფრების მიხედვით შესაძლებელია დაავადების გავრცელების განზოგადება.
გარდა ამისა, როდესაც გრიპის სეზონი ჩაივლის ხოლმე, გამოითვლიან ე.წ. Excess mortality-ს. ამ მაჩვენებლების მიხედვით, შემდეგ ჯამდება სეზონზე გრიპის შემთხვევების და სიკვდილიანობის სტატისტიკა.
ასე მაგალითად (ადრეც მქონდა ერთ-ერთ პოსტში ნახსენები), 2014/15 წლის სეზონზე იტალიაში გრიპით გარდაიცვალა 20259 ადამიანი, ხოლო 2016/17 წლის სეზონზე – 24981. თუ გავიხსენებთ, რომ გრიპის სეზონი საშუალოდ 5 თვეს გრძელდება, იტალიაში გრიპით თვეში საშუალოდ იღუპება 4000-5000 ადამიანი.
რაც შეეხება აშშ სტატისტიკას, შარშანდელ გრიპის სეზონზე სიმპტომური გრიპი ჰქონდა 36 მილიონამდე ადამიანს, მოხდა 490,561-ის ჰოსპიტალიზაცია და ამ დიაგნოზით გარდაიცვალა 34,157 ადამიანი“, – წერს მაია ბუწაშვილი.