საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მძიმე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური შედეგები მოუტანა ხალხსა და ქვეყანას, ეს შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის აშკარა, ისინი რამდენიმე თვეში იჩენენ თავს. ხალხი ჯერ-ჯერობით დასტრესილი და დაშინებულია სიცოცხლის დაკარგვის ვირტუალური საფრთხით, მაგრამ ეს შიში საკმაოდ მალე შეიცვლება მწარე, დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური რეალობის აღქმით.
საყოველთაო დეპრესიის ფონზე მოდური გახდა ტურიზმის ძაგება, სოციალური ქსელების მოხმარებლები აქტიურად წერენ კომენტარების ველში, რომ “ტურიზმი ეკონომიკა არ არის”, “სოფელი უნდა აღორძინდეს”, “სოფელს უნდა მიხედოს მთავრობამ” და ასე შემდეგ. მთავრობაც, თავის მხრივ, გვპირდება, რომ “ყველაფერი კარგად იქნება” და მას სამოქმედო გეგმა აქვს. თუმცა, მსჯელობა მხოლოდ ახლა იწყება – პრემიერი გახარია მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით.
მაგრამ მსხვილი ბიზნესი სოფლის მეურნეობას ვერ ააღორძინებს, საჭიროა უშუალოდ სოფლად მცხოვრები ადამიანების, გლეხობის, ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და წახალისება. საამისო გეგმები არ ჩანს. ცალკეული სპეციალისტები გამოთქვამენ თავიანთ პირად, ძალზე საღ შეხედულებებს, მაგრამ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. ნაცვლად ადგილობრივი წარმოების წახალისებისა, სახელმწიფო ისევ იმპორტიორებს ეხმარება. გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობა, თავისი იმპორტზე ჩამოკიდებულობით (თითქმის 6 მილიარდ დოლარამდე უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს!) ცდილობს, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები დაარეგულიროს, მან ასეთ ხერხსაც მიმართა – რატომღაც 6 მილიონი დოლარის მაკარონი, მცენარეული ზეთი და შაქარი შეასყიდინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ მთავრობა, ამის იქით, ვერ ან არ იყურება.
სოფლის მეურნეობის აღორძინების გეგმებს რეალურად რომ არ უნდა ველოდოთ, იმითაც გამოჩნდა, რომ მთავრობამ აგრარული ბაზრები დახურა. სად უნდა გასაღდეს გლეხის პროდუქცია, თუ არა ასეთ ბაზრებზე? ახლა რა გამოდის – “ყველანი ‘კარფურში'”?! სუპერმარკეტებში ფასებიც მაღალია და საქონელიც მეტწილად იმპორტულია. რაც ადგილობრივია (ისიც პირობითად ადგილობრივი – იმპორტულ რძის ფხვნილზე დამზადებული რძის პროდუქტები თუ ანტიბიოტიკებით გაჟღენთილი ფრინველის ხორცი), მსხვილი ფერმერული მეურნეობებიდან არის, შესაბამისად, გლეხის ადგილი ამ ქვეყანაში ვერა და ვერ მოიძებნა.
აგრარული ბაზრების დახურვამ, ჩვენი ინფორმაციით, თბილისში არაერთი ხილ-ბოსტნეულით საცალო ვაჭრობის პუნქტის მუშაობაც გააჩერა, რადგან ეს სავაჭრო პუნქტები სწორედ ბაზრებიდან მარაგდებოდნენ. ვითარებაში, როდესაც სუპერმარკეტებში და ცალკეულ პროდუქტების მაღაზიებში რიგები ისედაც დიდია, ეს რიგები ახლა კიდევ უფრო გაიზრდება, ხალხის მომარაგების ხარისხი კი გაუარესდება.
საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მთავრობა დაინტერესებულია არსებული მდგომარეობით – სუპერმარკეტებში და აფთიაქებში ფულის ბრუნვა გაძლიერებულია, სავალუტო ჯიხურები – დაკეტილი (შესაბამისად, ვალუტის ბრუნვაზეც მონოპოლია აქვს აღებული სახელმწიფოს, თავის ფავორიტ მსხვილ ბანკირებთან ერთად), პოლიტიკური პროცესები – ჩამკვდარი, ვირტუალური გლობალური საფრთხის შიშით, ხალხი ასე თუ ისე, კონსოლიდირებულია მთავრობის გარშემო… მთავრობასაც, ასე ვთქვათ, შეიძლება “გაუტკბეს” ეს ვითარება (ამის ნიშნები უკვე აშკარად არის!)… მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ პრემიერმინისტრი მაინც უფრო შორს იყურება და დღეს არსებულ ვითომ-წესრიგს, სინამდვილეში კი შენიღბულ ვაკხანალიას სააღდგომოდ დაასრულებს!