აჟიოტაჟი ნაღდ ფულზე: ბანკებიდან მოქალაქეებმა 700 მლნ. ლარი გაიტანეს

კორონაფსიქოზის ფონზე, ბუნებრივია, აჟიოტაჟი და მომავლის გაურკვევლობა საქართველოს მოსახლეობაში დიდია. ეს გარემოება აისახება საბანკო სექტორზეც.

ბანკებისადმი და მთლიანად, სახელმწიფოს, როგორც კომერციული ბანკების ლიკვიდურობის გარანტორისადმი, მოსახლეობის ნდობა ასეთ ვითარებაში შესუსტებულია. ეროვნული ბანკის ცნობით, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 700 მილიონი ლარი ნაღდი ფული გაიტანეს კომერციული ბანკებიდან. მეტიც, თავად სახელმწიფომ კიდევ 850 მილიონი ლარი გაიტანა კომერციული ბანკებიდან და გადარიცხა ეროვნული ბანკის ანგარიშებზე, “პანდემიაზე რეაგირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად”.

კომერციული ბანკების მხარდაჭერის მიზნით, “ეროვნულ ბანკი კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ) აშშ დოლარის მაქსიმალური ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის. სვოპის მთლიანი თანხა სქემის მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტებისათვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით”.

როგორც ჩანს, ხალხი არც ისეთი სულელი აღმოჩნდა, როგორც ეგონათ, როდესაც აშინებდნენ, ნაღდი ფული არ იხმაროთ, კორონავირუსი დაგემართებათო.