გახდება თუ არა “აგარის შაქარი” წარმატებული საწარმო?

ფართო საზოგადოება, ალბათ, ისევე არ იცნობს ბატონ გურამ ბროძელს, როგორც ჩვენ არ ვიცნობთ მას. ამიტომ, ანგაჟირებულობას ვერავინ დაგვწამებს, თუკი ვიტყვით, რომ ეს კაცი – შაქრის იმპორტიორი კომპანია „ალფას“  დირექტორი, “აგარის შაქართან” მიმართებით, მართალია!

კერძოდ, გ. ბროძელმა “აგარის შაქრის” კვლავ გახსნის სამთავრობო გეგმებთან დაკავშირებით, “ბიზნესმონიტორს” უთხრა, ციტატა: “ჩვენ მომხრე ვართ ქართული წარმოების გაძლიერების, მაგრამ თუკი აგარის ქარხანას კვლავ ექნება საშუალება, ლერწამი შემოიტანოს, რაფინირება გაუკეთოს და ცოტა დაბალი ხარისხის შაქარი აწარმოოს, ამის მომხრე ნამდვილად არ ვართ; მოიყვანონ შაქრის ჭარხალი, დაასაქმონ გორის და ქარელის მოსახლეობა და აწარმოონ შაქარი. იმ შემთხვევაში, თუ ისევ შემოიტანენ ლერწამს, თან სუბსიდიებს მიიღებენ სახელმწიფოსგან და ჩვენ კონკურენტუნარიანები აღარ ვიქნებით, ეს არ იქნება სწორი; ჩვენ ვიცით, რომ აგარის შაქრის ქარხანა გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა, მაგრამ მაინც ვერ მიიღეს ის შედეგი… და შედეგს ვერ მიიღებენ, თუ ადგილობრივი მოსახლეობა არ დასაქმდებასჯობს, სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ და აგარის გარშემო არსებული სავარგულები დაიტვირთოს, მოსახლეობაც დასაქმდება“, – განაცხადა ბროძელმა და დასძინა, რომ 2 თვეში აგარის შაქრის კომბინატის ამუშავება (შეგახსენებთ, მთავრობა აპირებს, 2019 წელს დახურული საწარმო ივნისიდან კვლავ აამოქმედოს) ნიშნავს იმას, რომ ეს ისევ იმპორტირებული ნედლეულის ხარჯზე მოხდება.

მართლაც, “აგარის შაქრის” ქართული წარმოშობა ისეთივე “ფეიკია”, როგორც ბევრი სხვა ე. წ. “ადგილობრივი პროდუქცია”, რომელიც სინამდვილეში მთლიანად იმპორტულ ნედლეულზე მზადდება. ნუთუ არ შეიძლება, ერთი საწარმო მაინც გვქონდეს ისეთი (გარდა ღვინის საწარმოებისა – ისიც, გარკვეული პირობითობით), რომელშიც წარმოების მთელი ციკლი 80 პროცენტით მაინც ადგილობრივი იქნება, ნედლეულით დაწყებული, მუშახელით დამთავრებული?! რა აზრი აქვს არაკონკურენტუნარიანი საწარმოს ამუშავებას, “მიშისტურ” სტილში, როდესაც “ხსნიდა” საწარმოებს, რომლებიც მალევე დახურვისთვის იყვნენ განწირულნი?

ნაცვლად ამ მომენტებზე ყურადღების გამახვილებისა, “ბიზნესმონიტორმა” ბროძელთან ინტერვიუ ასე დაასათაურა: “იმპორტიორი „აგარის შაქრის“ ამუშავებაზე: თუ სახელმწიფოსგან სუბსიდიებს მიიღებენ, არ იქნება სწორი” და საქმე ისე გამოიყვანა, თითქოს იმპორტიორი ადგილობრივ წარმოებას ებრძვის. ეს არ არის სწორი ჟურნალისტური მეთოდი, ისევე, როგორც შაქრის წარმოება ასე არ აღორძინდება.