მკითხაობა პანდემიაზე გრძელდება – ქართველები ამაშიც ლიდერები ვართ

ამჯერად აზრი გამოთქვა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ, რომელიც, რატომღაც “გაეროს გენერალური მდივნის ჯანდაცვის საკითხებში მრჩევლად” წარადგინეს ერთ-ერთ გადაცემაში.

 

ბატონი ფხაკაძე ფრიად თვითდაჯერებულია და უკვე დაუსვა მთელ მსოფლიოს დიაგნოზი. “დიდი აფეთქების” მოლოდინში ექიმსა და ჟურნალისტს შორის საუბარი “ტალღებზე” შედგა, რა თქმა უნდა, სხვა შაბლონური გამოთქმებიც არ დაივიწყეს:

“მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანს. ყველა ექსპერტები ვთანხმდებით (?), რომ ეს ეპიდემია არის ანარეკლი (?) ე.წ. ისპანკის პანდემიის. გვექნება სამი ტალღა პირველი – საშუალო დონის ტალღა, მეორე ძალიან დიდი და მტკივნეული (?) და მესამე იქნება ბოლო ტალღა, რომელიც იქნება დამარცხება ამ ვირუსის.

საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულამდე მორჩება და შემდგომ სავარაუდოდ (?) მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრიდან. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მომზადებულები დავხვდეთ. ეს ზაფხულის დერეფანი უნდა გამოვიყენოთ და მოვმარაგდეთ.

რაც შეეხება მეორე ტალღას – ამას გამოიწვევს შემდეგი – ხალხი დაიღლება და დაიწყებს გარეთ გამოსვლას (?). ეს არის ადამიანი ბუნება. „მე კარგად ვარ არაფერი მჭირს“. ნახეთ რა ხდება სინგაპურში, იქ უკვე წავიდა მეორე ტალღა (? – “გაეროს გენმდივნის მრჩეველს” გავუმხელთ საიდუმლოს – სინგაპურში დღემდე სულ 1623 პაციენტია დაფიქსირებული და მხოლოდ 6 გარდაცვლილი – “ნიუსფრონტი”). თავიდან კონტროლი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ისევ დაიწყეს გარეთ გამოსვლა (დაიწყეს გარეთ გამოსვლა – ბირჟაზე, ჩაცუცქულები თუ ჩაცუცქვის გარეშე? – ასეთი დონის შეკითხვები იბადება ასეთი დონის საუბრისას – “ნიუსფრონტი”).

ძალიან მიხარია, რომ სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი (!). მე ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე სანამ არ გვაქვს დიდი აფეთქება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი საკარანტინო საშუალებები.

პირველი არის – სოციალური დისტანცირება. თუ გავდივართ გარეთ, შევეცადოთ 2 მეტრის დისტანციით არ გვქონდეს კონტაქტი არავისთან.

მეორე საკითხია ტესტირება – უნდა მოხდეს მიზნობრივი და არა მთელი მოსახლეობის ტესტირება, რადგან რადგან ჩვენ არ ვართ სამხრეთ კორეა, ირლანდია და სხვა ქვეყნები. ჩვენი რეალურად ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების, არ გვაქვს რომ ეს გავაკეთოთ, ამიტომ მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება აბსოლიტურად ყველგან უნდა იყოს.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის ძალიან მყარი. ბოლო 15 წელი ჩვენ ვმუშაობდით პროექტებზე, მაგრამ გვაკლდა დიდი სტრატეგიული ხედვა, ვთქვათ, იყო ერთი პროექტი, მუშაობდნენ ამაზე, მაგრამ არ იყო ხედვა, რომ აგვეშენებინა მყარი ჯანდაცვის სისტემა (აქამდე სად იყავი, დალოცვილო? – “ნიუსფრონტი”).

საქართველომ დრო მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი კარგად არ არის, გადავხედოთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სამედიცინო პერსონალს, მათ აღჭურვილობას, პერსონალური დაცვით ბარიერებს, პირბადეებს და ა.შ. ამისი ნაკლებობა არის“

რეალური სურათი რომ დავინახოთ ყველა ჩვენი სამედიცინო მუშაკი უნდა დავტესტოთ, განსაკუთრებით საგანგებოს ექიმები. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ, უკვე გვექნება ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩვენი ექთნები არიან რისკ ჯგუფში. ძალიან ბევრ საავადმყოფოებში ექიმების და ექთნების საშუალო ასაკია 60 წელი (მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კიდევ არიან ასაკოვანი ექიმები და თქვენს იმედად არ ვართ, პატივცემულო მრჩევლებო! – “ნიუსფრონტი”)“.

 

alia.ge-ს მიხედვით