ჩინეთმა წარმატებით გაართვა თავი “კოვიდ19”-ის ეპიდემიას და ვუჰანის პროვინცია უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში ცხოვრობს. ევროპაში გამოვლენილი ეპიდემია კი საკარანტინო ზომებით არ იქნა დაძლეული.
ძნელი გასარკვევი იქნება საბოლოოდ, რა არის ამის მიზეზი. შესაძლოა, უბრალოდ სხვადასხვა მეთოდებით შედგენილ სტატისტიკასთან გვაქვს საქმე. ამის შესახებაც არაერთხელ თქმულა – არა მხოლოდ ჩინეთში გამოყენებული დათვლის მეთოდები განსხვავებდება ევროპული მეთოდებისაგან, არამედ უშუალოდ ევროპულ სახელმწიფოებშიც არის დიდი სხვაობები. გარდა ამისა, გაჩნდა ლოგიკური მოსაზრება, რომ ვირუსმა კი არ “იფეთქა” ბოლო პერიოდში, არამედ გახშირებულმა ტესტებმა გამოავლინა ის სურათი, რომელიც ისედაც არსებობდა… შესაბამისად, მსოფლიო იღებს დამახინჯებულ სურათს და “კოვიდ19”-ით გამოწვეულ საფრთხეს გადაჭარბებულად აღიქვამს.
ასეა თუ ისე, ევროპის ქვეყნები ნელ-ნელა რაციონალური გადაწყვეტილებების უნარს იბრუნებენ და დრაკონულ საკარანტინო რეჟიმს გონივრულ რეჟიმზე ცვლიან (ქვემოთ წარმოდგენილ ინფორმაციებზე პასუხისმგებელია საიტი “მკურნალი“).
მკაცრი საკარანტინე ზომების შერბილებას გეგმავს დღეს ჩეხეთი. მთავრობამ საგანგებო ვითარება ჯერ კიდევ 16 მარტს 30 აპრილამდე გამოაცხადა. ბოლო დროს, ქვეყანაში კორონავირუსით დასნებოვნების ახალი შემთხევების რაოდენობა შემცირდა. სამშაბათს მხოლოდ 16 შემთხვევა დაფიქსირდა. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უკვე მზადაა თანდათანობით დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.
ქვეყანაში თავიდანვე დაკეტეს არასასურსათო მაღაზიები და დაწესებულებები. ქვეყნის მაცხოვრებლებს მხოლოდ აფთიაქში და სამედიცინო დაწესებულებში, ბანკებში და საფოსტო განყოფილებებსა და საკვები პროდუქტების შესაძენად ეძლეოდათ გარეთ გამოსვლის ნება.
9 აპრილიდან ქვეყანაში მოიხსნა მთელი რიგი შეზღუდვებისა. ჩეხეთის მცხოვრებლებს ახლა შეუძლიათ ქუჩაში მარტო ვარჯიში, ისევ გაიხსნა სამეურნეო მაღაზიები. ამავდროულად ჩეხეთის ხელისუფლება ამკაცრებს მაღაზიებში მუშაობის წესებს: ისინი ვალდებულები არიან მომხმარებლები მოამარაგონ ერთჯერადი ხელთათმანებით, დადგან შესასვლელში სადეზინფექციო საშუალებები, ხოლო თავად მომხმარებლებმა უნდა დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია.
მომდევნო კვირიდან კარანტინის პირობების შესამსუბუქებლად ავსტრიაც ემზადება. 14 აპრილიდან იგეგმება მცირე ზომის მაღაზიების (40 მ2-მდე ფართობის) მუშაობის განახლება, 1 მაისისთვის დაგეგმილია ყველა სხვა მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და საპარიკმახეროების გახსნა. მაისის შუაში შეიძლება განახლდეს სასტუმროებისა და რესტორნების მუშაობაც. ივნისის ბოლოსთვის, კი აკრძალვა მოიხსნება მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე.
დანიაში პირველი შერბილება 15 აპრილიდან იგეგმება. ჯერჯერობით ეს შეეხება საბავშვო ბაღებისა და სკოლების მუშაობის განახლებას, რათა მომსახურე მშობლებს დაეხმარონ.
ყველა სხვა აკრძალვა, მათ შორის ერთ ადგილზე 15 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა მაისის შუამდე ძალაში დარჩება.
ნორვეგიაში შეზღუდვები 13 აპრილამდეა დაწესებული, მაგრამ სავარაუდოდ ის გაგრძელდება. ხელისუფლება კარანტინის თანდათანობით შერბილებაზე საუბრობს მხოლოდ აპრილის ბოლოსათვის. 20 აპრილიდან შესაძლებელია ისევ გაიხსნას საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასებისთვის სკოლები.