აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება წუხელ გასცა.
პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციამ კორონავირუს-19-ის საფრთხის შესახებ მსოფლიოს დროული და სათანადო ინფორმაცია არ მოაწოდა. ორგანიზაციის შეცდომების შედეგად აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა სწორედ იმის გამო, რომ ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და ისინი დღეს წარმოუდგენელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
ტრამპი ჩინეთთან პაექრობასაც არ ივიწყებს:
„ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონს იხდიდნენ. ჩინეთი კი სულ 40 მილიონს იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეძლო, მიეღო, შეემოწმებინა და გაეზიარებინა მსოფლიოსთვის ინფორმაცია და ჩინეთში ვირუსის შემთხვევების სანდო გამოძიება ვერ ჩაატარეს. მათ უბრალოდ გაიმეორეს იდეა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და პასუხი უნდა აგოს“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ევროპელმა და გაეროს ბიუროკრატებმა გააკრიტიკეს. ტრამპისგან განსხვავებით, “ჯანმოს” მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ხოსე (ჟოზე) ბორელი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ “ჯანმოსთვის” ამერიკული დაფინანსების შეჩერების გამო.