სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშში დავით გარეჯის უმწვავეს პრობლემას არსებითად გვერდს უვლის და პრობლემას არა ქართულ-აზერბაიჯანული ტერიტორიული დავის, არამედ “რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების” კონტექსტში განიხილავს.
ეს სხვა არაფერია, თუ არა, სუსის მიერ ეროვნულ ინტერესებზე და, საბოლოო ჯამში, უდაბნოზე, ჩიჩხიტურსა და ბერთუბანზე სამუდამოდ უარის თქმა. ბუნებრივია, რომ ამ ფონზე აზერბაიჯანს ნებისმიერი თავისი სურვილი გააქვს საქართველოსთან ურთიერთობებში.
„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, მუდმივად არის მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და მათი მიზანმიმართული დაზიანების მცდელობები. გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ცდილობდნენ, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.
აღნიშნულ კონტექსტში განსახილველია 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები. საკითხის გასამწვავებლად აქტიურად იყო გამოყენებული ე.წ. საინფორმაციო ომის მეთოდები. მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება, ასევე, პროვოკაციული მოწოდებებით, შექმნილი ვითარების „ოკუპაციის სიბრტყეში“ გადატანის მცდელობა“, – ნათქვამია სუსის ანგარიშში, რომელიც ყოველწლიურად პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება.