როგორ დააფასა ტფილისმა ორი დიდი პოეტი

განჯის მაზრის უფროსის, მამუკა ორბელიანის თანაშემწედ (მოადგილედ) მუშაობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი,  როცა გაციებისგან ჯერ კიდევ დასუსტებულს  ბევრი ცივი ლუდი უსვია და ვეღარც გამოკეთებულა.  1845 წლის 9 ოქტომბერს ტატო  გარდაიცვალა. გარდაიცვალა ძალიან უბრალოდ, როგორც სუსტი და მიტოვებული კაცი. ასეთ შინაარს გვაწვდის  მწერალი ა. მორჩილაძე.

   1891 წელს ტფილისის მაზრის მემამულემ თავადმა დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილმა არზა მიართვა  ტფილისის  გუბერნატორს ბატონ შერვაშიძეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის გადმოსვენების თხოვნით,  პასუხად კი 1891 წლის 12 დეკემბერს ის მიიღო, რომ პოეტის საფლავი,  გზის მიმდინარე სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო,  დაკარგულიაო და საფლავის ქვებიც ადგილიდან არის დაძრულიო.  ძალიან დავაგვიანეთო წუხდა ,,ივერიის“ ფურცლებზე  ა.ყიფშიძე.  ერთი წლის შემდეგ  კონსტანტინე მამაცაშვილი  ამტკიცებდა, რომ  ნიკოლოზ  ბარათაშვილის საფლავის ქვა შენახული ჰქონია ადგილობრივ  მღვდელს მძინარაშვილს და იმედიც გამოუთქვამს,  რომ ადგილობრიც ქართველებს აუცილებლად ემახსოვრებათ საფლავის ადგილიცო. მართალიც გამოდგა, განჯაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარ  ტატიშვილს უთქვამს რკინიგზის მოსამსახურე სოლომონ დოლიძისათვის, რომ თუ ბარათაშვილის გვამს მოკლე დროში არ გადაასვენებენ, გზის გაყვანის სამუშაოების გამო, იქ დაკრძალულ ყველა ცხედარს ერთ საფლავში  გადაასაფლავებენ,  ტატოს ძვლებიც  სხვათა ძვლებში აირევა და დაიკარგებაო. ბატონი დოლიძე დასძენდა, რომ  თუ ქართველობა არც ახლა  შეიბერტყავდა ყურს, მაშინ განჯის რკინიგზაში მომუშავე ქართველები  აქვე განჯაში გადაასვენებდნენ  დიდი პოეტის ნეშტსო. როგორც იქნა საქმეს თავი დაადგეს ქართველებმა,  ბარათაშვილის გადმოსასვენებლად  ფონდიც  დააარსეს და ანგარიშიც გახსნეს, შემოწირულობებიც საკმარისად შემოვიდა, შემომწირავთა  შორის  ერთ-ერთი  მენიშნა საამოდ,  ბაქოში მყოფ ვინმე ბაბაიანცს ერთი მანეთი  ჩარიცხა. ეს ბევრია თუ ცოტა სამსჯელო არაა, რადგან აქ სითბოა და არა ფული!

1893 წლის 25 აპრილი, კვირა დღე,  დილის ათის ნახევარი, ტფილისის  ვაგზალზე  ჩამოდგა მატარებელი ბარათაშვილის ნეშტით. ხალხის ტევა არ არის მოედანზე, გამოასვენეს  და ეს დიდძალი ხალხი  მდუმარედ მუხლს იყრის  კუბოს წინაშე. პროცესია დიდუბის ეკლესიისკენ გაემართა,  იქ  მისვლისას ხალხმა თითქოს პატიების ნიშნად, კიდევ ერთხელ დაუჩოქა პოეტს. დაასვენეს ეკლესიაში, სადაც სიტყვა თქვა და სულის მოსახსენიებელი  პანაშვიდი გადაიხადა ახალგაზრდა მღვდელმა, საქართველოს მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ.  გამოსათხოვარი  სიტყვა თქვეს: აკაკიმ, ილიამ,  ახალგაზრდა სომეხმა პოეტმა  ოვანეს თუმანიანმა და ბევრმა სხვამ.

ასე, 48 წლის დაგვიანებით ჩაიხუტა ტფილისის მშობლიურმა მიწამ  უდიდესი პოეტი-რომანტიკოსი, თვისი ტატო!

  ზუსტად  თერთმეტი თვით ადრე, 1892 წლის 25 მაისს, ორშაბათ დღეს, დღის პირველ საათზე ტფილისში პასკევიჩ-ერევანსკის  მოედანთან  გაიხსნა რკინის მესრით შემოკავებული სკვერი, რომელსაც თავდაპირველად ორი შესასვლელი კარი ჰქონდა, შემდგომ კი სამი და ამ ბაღში ყველა დროის მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი გენიის, ალექსანდრე პუშკინის  ბრინჯაოს  ბიუსტი  აკურთხეს. მეფის რუსეთის იმპერიაში აღსანიშნავი  ყოფილა ის გარემოება,  რომ  ტფილისი მეხუთე ქალაქია  მოსკოვის, პეტერბურგის, კიშინიოვის  და ოდესის შემდგომ, სადაც პუშკინის ძეგლია აღმართული. ძეგლის გახსნის ცერემონიალს უამრავი ხალხი დასწრებია. ბაღი, სადაც ძეგლი დაიდგა, მორთული იყო დროშებით, იქვე  იდგა მშვენიერი სამფეროვანი კარავი. ხელის გაწვდენაზე იდგა და კარგად მოჩანდა ის სახლი,  1829 წელს ორი კვირა რომ გაატარა პოეტმა და საქართველოს კიდევ უფრო გაუთქვა სახელი მთელ იმპერიაში და რუსეთის საშუალებით, მსოფლიოშიც.  აივანი, სადაც პოეტს უყვარდა ყოფნა,  მოერთოთ  ყვავილებით და მიემაგრებინათ წარწერა „1829“.   დეკანოზმა  ელიევმა გადაიხადა პანაშვიდი, რის შემდგომაც ძეგლს ჩამოხსნეს საბურველი, ტფილისის სამივე გიმნაზიის ერთობლივმა გუნდმა შეასრულა ჰიმნი „Коль славенъ“.  იყო სიტყვებით გამოსვლა და პუშკინის ლექსების საზეიმო კითხვა. ძეგლთან დაიდო  ბევრი გვირგვინი, რომელთაგან ერთ-ერთს ეწერა: ,,Тому кто чувства добрые въ насъ лирой пробуждалъ“.  ცნობილი ფოტოგრაფმა ერმაკოვმა  აღბეჭდა  ძეგლის გახსნის ცერემონიალი.

პუშკინის ძეგლის დადგმის ინიციატივა ეკუთვნოდა  ტფილისის პოლიცმეისტერს, ვინმე რისინსკის, რისთვისაც მასვე ჯერ კიდევ 1889 წელს შეუგროვებია სათანადო თანხა 2066 მანეთი,  მიუნხენში მოქანდაკე ოტტო გაფიც შეპირებული ჰყოლია და ძეგლის დადგმას 1890 წლის გაზაფხულისთვის ვარაუდობდა, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ ბიუსტის  ავტორიც შეიცვალა (ფელიქს ხოდოროვიჩი),  დადგმის  ვადაც  და პოლიცმეისტერიც.

                                                                                                                                                               ედიშერ ოდიშარია

„ნიუსფრონტისგან“:  21-ე საუკუნეში გამოჩნდნენ ბარბაროსები, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ თბილისში პუშკინის ძეგლი არ უნდა იდგეს. ეს „ნაცების“ დროს იყო. მაგრამ „ქოცები“ ლაპარაკს არ დასჯერდნენ და მის ნაცვლად „საქმე“ გააკეთეს – თბილისში, კიდევ ერთი მსოფლიო დონის გენიოსის და საქართველოს პოპულარიზატორის, ლერმონტოვის ქუჩას გადაარქვეს სახელი.