ექიმებმა “კოვიდ-19”-ით გარდაცვლილთა გვამების გაკვეთა დაიწყეს – საინტერესო შედეგები!

გერმანელმა და შვეიცარელმა მედიკოსებმა ბაზელის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში  გვამების გაკვეთა დაიწყეს, ოფიციალურად “კოვიდ19”-ით გარდაცვლილთა სიკვდილის რეალური მიზეზების შესასწავლად – იუწყება Süddeutsche Zeitung.

სურათზე: გერმანელი ექსპერტი, პროფესორი პიუშელი.

 

ჰოსპიტლის პათოლოგია-ანატომიური განყოფილების ხელმძღვანელმა,  პროფესორმა ალექსანდერ ცანკოუმ განაცხადა, რომ გაკვეთილია 20 გვამი და ჩატარებული კვლევით მიღებული შედეგები უკვე იძლევა საშუალებას, გაკეთდეს პირველადი დასკვნები.

კერძოდ,  ყველა გამოკვლეულ გარდაცვლილ პაციენტს სიცოცხლეში ჰქონდა მაღალი წნევა ანუ ჰიპერტონია. გარდა ამისა, უმეტესი მათგანი სერიოზულად ჭარბწონიანი იყო. ყველაფერთან ერთად, ორ მესამედზე მეტ მათგანს გულის კორონარული არტერიები ჰქონდა დაზიანებული. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკვლეულ გარდაცვლილთა უმეტესობა მამაკაცია და მათგან 1/3, ყველაფერთან ერთად, დიაბეტით იყო დაავადებული.

მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გერმანელ-შვეიცარელი მედიკოსების კვლევის შედეგად, გარდაცვლილ პაციენტებს ფილტვების ქსოვილის დაზიანებები გამოუვლინდათ. პროფესორი ცანკოუ ამბობს, რომ “ფილტვების ანთება პაციენტების ნაკლებ რაოდენობას დაუდგინდა, მაგრამ მიკროსკოპის ქვეშ ჩვენ დავინახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფილტვის მიკროცირკულაციის მძიმე დარღვევებს. ეს იწვევდა ჟანგბადის ცვლის ფუნქციის დარღვევას და რეანიმაციაში სწორედ ამ მიზეზით რთულდებოდა მათი ხელოვნური სუნთქვის უზრუნველყოფა. პაციენტს შეიძლება იმდენი ჟანგბადი მიაწოდო, რამდენიც გინდა, მაგრამ იგი უბრალოდ არ გადადის დანიშნულების ადგილზე”.

“ზიუდდოიჩე” აქვე იუწყება, რომ ბაზელის ჯგუფამდე უფრო ადრე, ჰამბურგ-ეპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა კლაუს პიუშელმა მოახდინა 65 კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის გვამის გაკვეთა. გაზეთის ხელში აღმოჩნდა ექიმის მოხსენება ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელიც გასულ კვირაში ჰამბურგის ჯანდაცვის სამმართველოს გაეგზავნა. პროფესორმა პიუშელმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოხსნების ნამდვილობა დაადასტურა და თან დასძინა, რომ ჰამბურგში დღემდე უკვე 100-ზე მეტი გვამია გაკვეთილი და ყველა პაციენტს დაუდასტურდა უწინ გადატანილი სხვადასხვა დაავადებები.

აღსანიშნავია, რომ პროფესორმა პიუშელმა (რომელიც გერმანიის ტელეარხ ZDF-ის ტოკ-შოუში მონაწილეობის შემდეგ ნაწილობრივ ქართველმა ინტერნეტ-მომხმარებლებმაც გაიცნეს) ჰამბურგში ჯერ კიდევ მარტის თვეში ჩაატარა თავისი გამოკვლევა, რობერტ კოხის ინსტიტუტის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, არ გაეკვეთათ გვამები. როგორც აღვნიშნეთ, ინსტიტუტმა შემდეგ შეცვალა თავისი რეკომენდაცია და ფაქტობრივად, პიუშელის მიდგომა გამართლდა. ჰამბურგში გამოკვლეული 61 გვამიდან 55-ს გულსისხლძარღვთა დაავადებები ანუ გადატანილი ინფარქტი, არტერიასკლეროზი, მაღალი წნევიანობა ან გულის სხვა სისუსტეები დაუდგინდათ. 28 გვამს აღენიშნა სიცოცხლეში სხვადასხვა დროს მიღებული დაზიანებები თირკმელებზე, ღვიძლზე ან ტრანსპლანტირებულ ორგანოებზე. 16 მათგანი სკლეროზით იყო ავად, სხვები კი სიმსივნით, დიდად ჭარბი წონით ან დიაბეტით.

ასეთი რაოდენობის გვამების გაკვეთის შედეგების პრეზენტაცია ჯერ არ ყოფილა. ჩინელმა ექიმებმა მარტის დასაწყიში მხოლოდ 29 გვამის გაკვეთის შედეგების შესახებ ამცნეს ფართო საზოგადოებას. ჩინელმა ექიმებმა მაშინ აღნიშნეს, რომ ვირუსმა არა მხოლოდ ფილტვებში, არამედ იმუნურ სისტემასა და სხვა ორგანოებშიც შეაღწია. იტალიაში გაკვეთები არ ხდებოდა და დასკვნები მხოლოდ გარდაცვლილი პაციენტების ისტორიის მიხედვით კეთდებოდა.

“ზიუდდოიჩეს” სტატიაში აღნიშნულია, რომ “კოვიდ-19” სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს სიცოცხლეს უსწრაფებს. “თუკი მე სიმსივნე მაქვს და 6 თვე დამრჩა სიცოცხლისთვის, მაგრამ ამ დროს მანქანა დამეჯახა და იმისგან მოვკვდი, არ ამსუბუქებს მანქანის მძღოლის საქციელს” – ასეთი ანალოგი მოაქვს ბაზელელ პროფესორ ცანკოუს, “კოვიდ19”-ის ეფექტთან დაკავშირებით. “ყველა გარდაცვლილი პაციენტი ‘კოვიდ19’-ის გარეშე სავარაუდოდ უფრო დიდ ხანს იცოცხლებდა, ზოგი ერთი საათით მეტს, ზოგი ერთი დღით, ერთი კვირით ან ერთი წლით” – ამბობს პროფესორი ცანკოუ.