ექიმებმა პატივი ვცეთ სახლში გამოკეტილ ადამიანებს და მხოლოდ დამტკიცებული ინფორმაცია გავავრცელოთ!

ხშირად გვაკრიტიკებენ ექიმებს, რატომ ვარჩევთ სამედიცინო საკითხებს სოციალური მედიით და ტელევიზიით. ამ კრიტიკას აქვს საფუძველი და შეიძლება ჩვეულებრივ პირობებში მართლაც ზედმეტი იყოს ამდენი ტექნიკური დეტალი, რაც ხშირად აბნევს ადამიანებს, მაგრამ ამ უცნაურ პერიოდში, როდესაც ადამიანები სახლში არიან გამოკეტილი და მკაფიო მესიჯებიც არ მიეწოდებათ, როგორია პერსპექტივა, რამდენ ხანს მოუწევთ ასე ყოფნა და საერთოდ, მომავალი რას უმზადებთ, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია მოსახლეობის ინტერესი ნებისმიერი სამედიცინო ინფორმაციის მიმართ. ადამიანებს სრული უფლება აქვთ, დასვან კითხვები თუნდაც ძალიან ტექნიკურ დეტალებზე და ვერავინ ეტყვის, „ეს თქვენი საქმე არ არის“, რადგან ეს ახლა ყველას საქმეა.

თითოეული ადამიანი, რომელიც სახლშია გამოკეტილი, არანაკლებად წვალობს და ზოგჯერ მეტადაც, ვიდრე წინა ხაზზე მყოფი ადამიანები. უბრალოდ, მათი შრომა არ ჩანს. ასე რომ, ნუ ვეტყვით ნურავის, „თქვენ რა გენაღვლებათ, სახლში ზიხართ და ჩვენ ვმუშაობთ“. დღევანდელ სიტუაციაში ვინც მუშაობს, თუნდაც ინფიცირების რისკის ქვეშ, შეიძლება უკეთეს პოზიციაშია, ვიდრე ისინი, ვისაც ყველაფერი მიუკეტეს და შიშით შეყურებს მომავალს.

მოკლედ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ ყველაფერი, რაც მათ აინტერესებთ. სხვათა შორის, მარტო სამედიცინო საკითხებს არ ვგულისხმობ, ასევე მნიშვნელოვანია ავუხსნათ, რომელი აკრძალვა კონკრეტულად რას ემსახურება და რა შედეგზეა ორიენტირებული.

ბევრი არასამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ერკვევა ისეთ საკითხებში, ნეტა ყველა ექიმი ერკვეოდეს ასე. ზოგიერთებს რეალური, სამეცნიერო სტატიების კითხვა არ შეუძლიათ (და არც არიან ვალდებულნი, შეეძლოთ), არის ენობრივი ბარიერიც და ჩვენ ვალდებულები ვართ, არ დავიზაროთ და კვალიფიციურად, მაგრამ გასაგებად ავუხსნათ სამედიცინო სიახლეების შესახებ.

თუმცა, გასაგებ ენაზე ლაპარაკი არ გვაძლევს უფლებას, დავუშვათ სერიოზული შეცდომები. არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამართლება „მარტივ ენაზე ინფორმაციის გადმოცემით“ ვერ მოხდება. საბაზისო სამედიცინო ცოდნაში დიდი ხარვეზები თუ გვაქვს და რაიმე სფეროში არ ვართ კომპეტენტურები, პატივი ვცეთ ჩვენს მოსახლეობას და იმ საკითხზე ნუ დაველაპარაკებით. მე რომ ვინმემ კითხვები დამისვას მართვითი სუნთქვის ტექნიკურ დეტალებზე, რა თქმა უნდა, ვერ ვუპასუხებ, რადგან ეს ჩემი სფერო არ არის და არც ვეცდები დამახინჯებულად ვთქვა რამე ამ თემაზე და ამით არასწორი წარმოდგენები შევუქმნა ადამიანებს.

მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა სიტყვა და მთელი იდეა ის იყო, რომ მიუხედავად დროის დეფიციტისა, ისევ ვეცდებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებას და ყველამ, ვისაც ეს შეგვიძლია, იმდენი დრო უნდა გამოვნახოთ, რომ მაქსიმალურად ვეცნობდეთ განახლებულ ინფორმაციას და არ ვიზარებდეთ მის გაზიარებას, რასაც ბევრი ჩემი კოლეგა საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც აკეთებს კიდეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს გამოკეტილ მოსახლეობას, რომლისთვისაც ახლა კორონავირუსი არის პრიორიტეტი, რადგან მთელი მათი ცხოვრება ახლა ამაზე აეწყო, უფლება აქვს ყველაფერი იცოდეს მის შესახებ. ხოლო იმ ჯგუფს, რომელსაც პირობითად ქვია „რა გააწყალეთ გული ამ კორონავირუსით“, შეუძლია უბრალოდ არ მოისმინოს და არ წაიკითხოს.”

 

მაია ბუწაშვილი (ინფექციონისტი, MD, MS, PhD)

წყარო: “ფეისბუკი”