საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოვიყენოთ ხაზი – 144, 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის თავიდანვე ფუნქციონირებდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები 144-ზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ იღებენ, ისინი 112-ს მიმართავენ. თქვენ იცით რომ ქვეყანაში 112 განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ფუნქციონირებს, ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მაშინ, როდესაც მათ სურთ პოლიციასთან დაკავშირება ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება. გთხოვთ, 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის თავიდანვე ფუნქციონირებდა. რადგან არ გვინდა არც ერთი შემთხვევა უყურადღებოდ დაგვრჩეს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
პრემიერის თანაშემწემ არ დააზუსტა, რა უნდა ქნან მოქალაქეებმა, ფირმების წარმომადგენლებმა, რომლებიც იძულებულნი არიან, 144-ს მიმართონ დისტრიბუციის მანქანებისთვის საშვების გაცემაზე, მაგრამ ეს სერვისი თითქმის მუდამ მიუწვდომელია!
“ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია!”