დავუშვათ, გავუძელით „შინაპატიმრობას“, რა მოჰყვება „თავისუფლებაზე“ გამოსვლას? როგორ შეგვხდება იძულებით მხარ-თეძოზე წამოწოლილი ეკონომიკა? მსოფლიო ეკონომიკა მაქვს მხედველობაში, თორემ ჩვენი რომ 30 წელია საღათას ძილშია, ფაქტია.
ისიც ფაქტია, რომ ცრუ ეკონომიკას, ნამდვილად მოვიხსენიებთ — გულის დასამშვიდებლად, თორემ იყიდე-გაყიდეს ეკონომიკა რა ეკონომიკაა — ყველამ საკუთარ თავზე ვიწვინეთ. საქართველო რახანია მდარე ხარისხის დასავლური კვების პროდუქტების გასაღება-მონელების ადგილია — ძირითადად თურქულის. ეს, ჩვენი მეზობელი ხარისხიან საქონელსაც ამზადებს, მაგრამ ჩვენთან არ ყიდის, სხვა ქვეყნებში გააქვს გასაყიდად, ვინაიდან აქაურთა მსყიდველობითი უნარი დაბალია და მაღალხარისხიანი თურქული კვების პროდუქტები, სხვა საქონელი ვერ გაიყიდება. ცხადია, საქართველოში შეძლებულებიც — მილიარდერ-მილიონერებიც არიან, მაგრამ ისინი „საშოპინგოდ“ უცხოეთში დადიან — „ნამდვილ“ უცხოეთში, თორემ ისეთ „უცხოეთს“, როგორიც თურქეთია, ვინ იკადრებს? იძულებითი „საკურორტო სეზონის“ დამთავრებას უდავოდ მოჰყვება ეკონომიკური ჩავარდნები, უმუშევრობა, უფულობა, შიმშილი — არანაკლებ საშინელი, ვიდრე კორონავირუსი. პერსპექტივა, რომელიც წინ გადაგვეშლება არცთუ სახარბიელოა. ვიღაცამ, დასავლურად მოაზროვნე ოპტიმისტმა ბრძანა — ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები არ მიგვატოვებენ და ხელს გამოგვიწვდიანო, ალბათ ისე, როგორც აშშ-ა მილიონი დოლარით, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე გადანაწილების შემდეგ — თითოს 30 ცენტს თუ არგუნებს და ეს მაშინ, როდესაც 75 მილიონ დოლარად შემოგვტენეს ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინი“. ნეტავ რა თავში ვიხლით ან ამ „ჯაველინს“, ან ფრანგულ ანტისარაკეტო სისტემას?
ამ მილიონების გადაყრას არ ჯობდა, ერთი ისეთი რაკეტა შეგვეძინა, კორონავირუსს რომ გაანადგურებდა? შემედავებით! ვირუსებს რაკეტებით არ ანადგურებენო?! კეთილი. მაგრამ თითო-ოროლა „ჯაველინით“ და ფრანგული სარაკეტო სისტემით თუ რუსეთის შეტევის შეჩერებას ვგეგმავთ, ცხადია ვირტუალურის, რატომ არ შეიძლება „კორონავირუსის“ ბომბებით შეჩერება? ერთიც აბსტრაქციაა და მეორეც. რეალობა კი სხვაა — სავალალო, თანაც მძიმე და ჩიხური. ახლა, რაც შეეხება ჩვენი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის დახმარებას. თუ ვინმე განიცდის უმძიმეს კორონავირუსულ თავდასხმას — აშშ-ა. ნებისმიერი სტატისტიკა გვეუბნება ამას. პირველი ქვეყანა, ყველაფერში პირველია, მათ შორის კორონავირუსის წინააღმდეგ უთავბოლო ბრძოლაში. ვინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს პირველი ქვეყანა, მედიცინითაც პირველი, ისე ჩაისვრიდა, რომ სხვათა ფონზე უსუსურად გამოჩნდებოდა. ის, ისეთი შეტევის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული სამედიცინო დახმარება უყოყმანოდ მიიღო, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა, ორი დღის განმავლობაში ილაპარაკა „უდიდეს რუსულ თვითმფრინავზე“, რომელმაც ეს ტვირთი ამერიკაში ჩაიტანა. კორონავირუსით გამოწვეულმა გაუსაძლისობამ ნათლად დაგვანახა, რომ პირველი ქვეყანაც კი უძლურია ამ ახალ გამოწვევასთან ბრძოლაში. რამ გამოიწვია ასეთი უსუსურობა?
ამის მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარი ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის არ ქონა, ისეთის, როგორიც ავადსახსენებელ საბჭოთა კავშირში იყო . საყოველთაო აცრა, რომელიც საბჭოთა კავშირში ტარდებოდა უფასოდ, დასავლეთში, მათ შორის აშშ-ი, უცხო რამ იყო. ამით ხომ არ არის გამოწვეული ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ჩინეთში, დასავლეთთან შედარებით, კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა? კორონავირუსით დაავადებულთა 6-დღიან მკურნალობას აშშ-ს კერძო კლინიკებში 73000 დოლარი სჭირდება, ტესტებს — 1200 დოლარი. ტრამპის მიერ „ხელგაშლილად“ გაცემული 2 ტრილიონი დოლარით კორონავირუსისგან თავის დაღწევა ისეთივე სიძნელეს შეადგენს, როგორც უმუშევრობისგან.
დღევანდელი მონაცემებით უმუშევართა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა. და როდესაც აგუგუნდება ამერიკული ეკონომიკა, შეძლებს ის კატასტროფულად მზარდ უმუშევართა არმიის დაკმაყოფილებას?! ასეთ ვითარებაში ჩავარდნილ ქვეყანას სხვისი დახმარების თავი ნამდვილად არ ექნება. არც ჭირგამოვლილი ევროკავშირი იქნება ისეთი დონორი, სუნთქვა რომ გაგვიადვილოს. საქართველო, ისე, როგორც კორონავირუსული მსოფლიო, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მაგრამ ისინი მეტნაკლებად, ადრე თუ გვიან შეძლებენ შეჩერებული ეკონომიკური მანქანის ამუშავებას. საქართველოს გაუჭირდება მარტივი მიზეზის გამო, რაც არ გაქვს — ვერ აამუშავებ.
საქართველოს, რომ სოფლის მეურნეობა სათანადო დონეზე ჰქონოდა, მეტნაკლებად თავის გამოკვებას მაინც შეძლებდა, მაგრამ უცოდინარ ხელისუფალთა გამოისობით ქვეყანას დაავიწყეს ისტორიული აგრარულობა. საქართველომ სამრეწველო ქვეყნის სტატუსი საბჭოთა პერიოდში მიიღო და იქცა საბჭოეთის მოწინავე აგრარულ-სამრეწველო საბჭოთა რესპუბლიკად. დამოუკიდებლად არსებობის 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ ორივე, როგორც აგრარული, ისე სამრეწველო სახელი დაკარგა და მდარე უცხოური საქონლის გადამამუშავებლად იქცა. საქართველოს არც ერთ ხელმძღვანელს თავში აზრადაც არ მოსვლია რა გზით უნდა განვითარებულიყო ქვეყანა. ისინი მხოლოდ სკამის შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. არადა, სკამის შენარჩუნებისთვის დახარჯული ენერგიის ნახევარი ქვეყნის განვითარების საქმეში რომ დაებანდებინათ, ქვეყანა სასურსათო პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდებოდა. ქვეყნის ყოველმხრივი დაქცევის თვალსაზრისით სააკაშვილის მმართველობა უნიკალური გამოდგა. მან არა მარტო საბჭოეთიდან შემორჩენილი სიკეთეები მოსპო, არამედ გამოცდილ, საქმის მცოდნე კადრებსაც მუსრი გაავლო. სააკაშვილის მმართველობის ეპოქა, რომელიც უდავოდ დაიკავებს ადგილს ქვეყნის ისტორიაში, დახასიათთება, როგორც ყოველმხრივი დეგრადაციის პერიოდად. სააკაშვილმა უკანასკნელი ლურსმანი ჩააჭედა მომაკვდავი სოფლის მეურნეობის კუბოს. დავიწყებას მიეცა მეჩაიეობა, მეხილეობა, მარცვლეული კულტურების დამზადება, მეციტრუსეობა, მეფუტკრეობა, მეთამბაქოეობა, მეცხოველეობა, სხვა ისეთი დარგები, რომლითაც ცნობილი იყო ქვეყანა. დღეს, საქართველოს მაცხოვრებელი თურქული, ირანული, სომხური, აზერბაიჯანული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზატორია. ოდესღაც ბოსტნეულით მდიდარი ქვეყანა, სხვის მიერ მოწეული ბოსტნეულით კმაყოფილდება და ცეცხლის ფასს იხდის თურქულ, ირანულ, სომხურ ტარხუნაში, კარტოფილში, ბადრიჯანში, ნიორში, სხვა პროდუქტებში. აქაოდა ნიორი ადამიანის იმუნიტეტის გამაგრებას უწყობს ხელსო და სუპერმარკეტების „გუდვილის“, „ფრესკოს“, „კარფურის“ მეპატრონეებმა უმალ აწიეს მასზე ფასი, ნიორი — ერთი კილოგრამი 25 ლარი; ბულგარული წიწაკა — პლასტმასის მსგავსი, 8 ლარი; სათბურში გამოყვანილი პომიდორი — 8 ლარი და ა.შ. აღნიშნული სუპერმარკეტების გაზრდილ „აპეტიტს“— ფასებთან დაკავშირებით, თავისი მომთვინიერებელიც უნდა ჰყავდეს ანტიმონოპოლიური სამსახურის სახით, მაგრამ სად არის? სად არის ხელისუფლება, რომლის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს უმწეო მოსახლეობის ზემოთმოყვანილი ქორვაჭრებისგან დაცვა?! ეკონომიკას სძინავს. მასაც ისე, როგორც წინამორბედს, არაფერი გაუკეთებია სოფლის მეურნეობის რეანიმაციისთვის. ნათელი მაგალითი ამისა — სუპერმარკეტების შევსებული დახლებია მეზობელი და არა ადგილობრივი პროდუქტებით. ერთ დროს ჩაის პროდუქციით საბჭოთა კავშირის მოთხოვნების 97%-ს დამაკმაყოფილებელი ქვეყანა, ვითომაც არაფერი, ისე შესცქერის ყველა სასურსათო მაღაზიის დახლიდან გამომწვევად თავმომწონე „აზერჩაის“. ვისაც თვალი ერთხელ მაინც შეუვლია რუსული ტელეარხებისთვის, უდავოდ თვალში ეცემოდა აზერბაიჯანული ჩაის რეკლამა და არა მარტო ჩაის, სხვა პროდუქტების. ჩვენ? ჩვენ, ისეთ სისულელეს ვროშავთ, დასავლეთს რომ გაუხარდება. სხვას ვერაფერს დავარქმევ მოტიტინე ქალი ეკონომისტის რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, რომლის დროსაც მან დიდის წვალებით ამოღერღა ის, რასაც წლებია გვიმალავენ — ქართული ღვინო ყველაზე მეტად რუსეთში იყიდებაო და ამას მან, „საშინელება“ უწოდა. თურმე საშინელებაა ის, როდესაც რუსეთში გატანილი ღვინის რაოდენობა ორჯერ აღემატება დასავლეთში გატანილს. „ექსპერტის“ ნათქვამიდან გამომდინარე „საშინელებაა“ რუსეთთან ვაჭრობა, დასავლეთთან კი ბედნიერება. საინტერესოა, ეს მეტიჩერა „ექსპერტი“ საშინელებად არ აღიქვამს პურს, რომელიც რუსული ხორბლიდანაა დამზადებული?
აქაც პოლიტიკა. აქაც გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული – ანტირუსული კამპანია! არადა საქართველოს ეკონომიკა ხომ 80%-ით რუსეთზეა ჩამოკიდებული?! სოფლის მეურნეობის მოსპობისას სააკაშვილმა გვაუწყა, რომ საქართველო აწ და მარადის ტურიზმის მექად გადაიქცევა. ტურიზმიდან შემოსული ფულით შევისყიდით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, სხვა უცხოურ საქონელს. და დაიწყო სასტუმროების უგეგმო მშენებლობა. სადაც გაიხედავთ სასტუმრო ან ჰოსტელია, რაც პატარა და ინფრასტრუქტურის არმქონე ქვეყნისთვის პრობლემატური საქმეა. დღეს, სააკაშვილისეული სასტუმრომანია ჭაობისკენ მიექანება და წაიყოლიებს ტურიზმში დასაქმებულ ადამიანთა არმიას. კორონავირუსი რასაც დაარტყამს, ტურიზმია. ამ დაავადების შიშით ტურიზმი რომ კატასტროფულად შემცირდება, ცხადია. რა ეშველება სასტუმროებს, ჰოსტელებს — გაზაფხულის წვიმის წვეთებით მოჭარბებულად აბიბინებულებს?! რა ეშველება ტურიზმზე მიბმულ სატრანსპორტო კომუნიკაციას. რა ეშველება ყოველ კუთხე-კუნჭულში გახსნილ კაზინოებს, აზარტულ სათამაშო სახლებს? ეს და სხვა კითხვები, რომლებიც სულ მალე „გაგვახარებენ“, პასუხებს ელიან, ისე, როგორც დასუსტებული ეკონომიკა და სოციალური ყოფა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი
– დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი –
წყარო: isari.ge