მარტო გამყრელიძე-იმნაძეს ნუ დავაბრალებთ – ვირუსოლოგების უმწეობა მსოფლიოში

“ნიუსფრონტი-საქართველო” ცდილობს, ქართველ მკითხველს მაქსიმალურად ყველა ალტერნატიული ვერსია და მოსაზრება შესთავაზოს კორონაკრიზისის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით და, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობასთან მიმართებით.

სურათზე: გერმანიის ყველაზე ცნობილი ვირუსოლოგები და მიკრობიოლოგები. უკანა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: კ. დროსტენი, მ. ბრინკმანი, ჰ. შტრეეკი.

 

ჩვენ გუშინ გავაქართულეთ და კომენტარები დავურთეთ გერმანულ გაზეთ “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც გვამების გაკვეთის მეთოდის გამოყენების საფუძველზე გაკეთებული ანალიზის საშუალებით ცხადჰყოფს, რომ “კოვიდ 19” სასიკვდილო საფრთხეს დიდწილად შეიცავს იმ კატეგორია ადამიანებისათვის, რომლებსაც ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სასიცოცხლო ორგანოების სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ – ღიად ან ფარულად. რისკ-ზონას განეკუთვნებიან ასევე დიაბეტიანები და, შესაძლოა, ჭარბწონიანები.

ყოველივე ეს აქამდე ვარაუდითაც ითქმოდა მსოფლიო მედიცინის მიერ, მაგრამ ახლა, გერმანელი და შვეიცარელი ექიმების – პათოლოგოანატომების მიერ განხორციელებული კლასიკური, მაგრამ მივიწყებული მეთოდით – დაავადებულთა გვამების გაკვეთის გზით, ფაქტობრივად დამტკიცდა კიდეც. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ “კოვიდ 19” სიკვდილიანობას ისევე იწვევს, როგორც კორონავირუსის სხვა სახეობები ან სულაც გრიპი.

მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად არიან მზად ვირუსოლოგები/ინფექციონისტები, გაუმკლავდნენ ამ ახალ, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად უსიამოვნო ინფექციას და ცხოვრება დედამიწაზე ისევ დამშვიდდეს. როგორც ჩანს, განსხვავებით მედიცინის სხვა დარგებისაგან, ვირუსოლოგები და ინფექციონისტები მთელი დედამიწის მასშტაბით, მართლაც უმწეონი არიან.

ამის დასტურია იმავე გერმანიაში, ამ დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები. ისინიც დაახლოებით “გამყრელიძე-იმნაძეს”, ასე ვთქვათ, თამაშობენ ანუ მხოლოდ ვარაუდებით და შიშებით შემოიფარგლებიან, რეალურ საქმეებს მათგან არ უნდა ველოდოთ! ევროპელების და ამერიკელების მიერ დაანონსებული და უკვე დაწყებული საკარანტინო წესების შერბილება (პატარა მაღაზიების, სალონების და სხვა დაწესებულებების გახსნა და სხვ.) ასახავს არა ინფექციასთან ბრძოლის წარმატებულობას, არამედ იმ გამოუვალ ვითარებას, რომელიც მათ მიერვე დათესილი პანიკის გამო წარმოიშვა ევროპაში, ამერიკაში და მთელ პლანეტაზე. რომ არა ეს დიდწილად ხელოვნური პანიკა, ვინ იცის, რამდენად უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა ახლა ყველა როგორც სოციალურად, ეკონომიკურად და მორალურად, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

წამყვანი გერმანული ჟურნალი Spiegel-online აქვეყნებს ინტერვიუს ვირუსოლოგ მელანი ბრინკმანთან ბრაუნშვაიგის ინფექციური კვლევითი ინსტიტუტიდან, რომელიც აკრიტიკებს გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, დაიწყოს საკარანტინო ღონისძიებების შემსუბუქება. პროფესორი ბრინკმანი ვარაუდობს, რომ “კოვიდ19”-ის პირველ ტალღას, ფაქტობრივად, აუცილებლად მოჰყვება მეორე, თანაც უფრო მძლავრი ტალღა (სხვათა შორის, “შპიგელის” სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამავე აზრს გამოთქვამს გერმანიის წამყვანი ვირუსოლოგი, პროფესორი კრისტიან დროსტენი. ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგებიდან გამონაკლისია და კარანტინის არსებით შერბილებას ითხოვს ჰენდრიკ შტრეეკი). მელანი ბრინკმანი ასევე ამტკიცებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, მთავრობის მიერ საკრანტინო შეზღუდვების შესუსტებას აზრი არ აქვს, რადგან ვირუსის ხელმეორედ გავრცელება და პაციენტების კვლავ მოზღვავება კლინიკებში, ეკონომიკურად კიდევ ურფო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

საკვანძო მნიშვნელობის მოსაზრება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – ვირუსოლოგის, გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტის პროფესორის, ბრინკმანის მიერ გამოთქმული:

“ჩვენ არ გაგვაჩნია ამ ვირუსთან ბრძოლის ქმედითი საშუალებები – ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტები. ჩვენ დაავადებასაც არ ვიცნობთ კარგად, ექიმებმა ჯერ ძალზე ცოტა უწყიან თერაპიის საშუალებების შესახებ. მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადებას და მის გავლენას უკეთ შევისწავლით, შევძლებთ მის ადრეულ ეტაპზე და უკეთ მკურნალობას. სწორედ მაშინ უნდა დავიწყოთ შეზღუდვების შესუსტება. ახლა ჩვენ მხოლოდ ერთი საშუალება გვაქვს, ვირუსის გავრცელება შევანელოთ: გავყვეთ კონტაქტებს, რათა ინფიცირებულები იზოლაციაში გადავიყვანოთ. ეს ძალზე რთული პროცესია და დიდ ციფრებთან გვაქვს საქმე, ამიტომ ამ პროცესის კონტროლს დაქვემდებარება უკიდურესად რთულია. ახლა პერსონალური მონაცემების დამცველთა მიერ იქმნება შესაბამისი [მობილური] აპლიკაციები, რაც უკეთეს საშუალებას მოგვცემს, კონტაქტებს გავყვეთ”.

აი ამას ლაპარაკობს ვირუსოლოგი, მკვლევარი – რაიმე განსხვავებას დილეტანტისგან ხედავთ? ბანალური იზოლაციისა და აპლიკაციების იმედად არიან ვირუსოლოგები, რომლებიც 5 თვის მანძილზე ოდნავადაც ვერ მიდიან წინ თავიანთ კვლევებში. ეს მარტო გერმანელებს და ევროპელებს როდი ეხებათ, უკეთესი ვითარება მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის, მათ შორის, ჩინეთის ვირუსოლოგებს არ აქვთ (ყოველ შემთხვევაში, თუ აქვთ, არ ამხელენ). აქ შეიძლება უბრალო პოლიკლინიკის ექიმების შეგონება გაგვახსენდეს – “გრიპის ვირუსი წამლით არ იკურნება, იგი თავისით რჩება, სწორი ზოგადი ზომების მიღების გზით – სვი ბევრი სითხე და მიიღე ვიტამინები, განსაკუთრებით, ვიტამინი C”. ამ მხრივ, “კოვიდ-19”-თან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მისი არაკომპეტენტური და მავნე ხელმძღვანელის – გებრესიუსის მიერ გამოქვეყნებული მკურნალობის “პროტოკოლები” აბსოლუტურად უსარგებლოა.

ასეთი ბრინკმანები და გებრესიუსები აგიჟებენ პოლიტიკოსებს და მთელ მსოფლიო საზოგადოებას. მათ არიან აყოლილები ჩვენი გაჩინოვნიკებული ექიმები – პირველ რიგში, ინფექციონისტები. ამიტომ ხელისუფლებამ არა ვირუსოლოგების შიშებს უნდა უგდოს ყური, რომელთაც, როგორც თავად აღიარებენ, “კოვიდ19”-ის შესახებ თითქმის არაფერი იციან და მათი აზრიც, შესაბამისად, ნაკლებად რელევანტურია, არამედ უნდა შეეშვას უაზრო რადიკალურ ზომებს და შეეცადოს, იპოვოს ოქროს შუალედი. თუკი ეს ვირუსი გარდაუვალია (სამაგიეროდ, მადლობა ღმერთს, მიახლოებითაც არც ისე მომაკვდინებელია, როგორც ზოგიერთი სხვა ვირუსი!), მაშინ მართლა რატომ ვანადგურებთ ეკონომიკას? – ეს კითხვა სულ უფრო მკაფიოდ ისმის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ახლა უკვე – საქართველოშიც.