მარნეულის პროტესტმა გაჭრა – დისტრიბუცია მხოლოდ პროტესტის შემდეგ ამოძრავდა

22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, რომელიც მკაცრი კარანტინის ზონად არის გამოცხადებული, რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კარანტინის მოხსნისა და ვაჭრობის აღდგენის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტა. შედეგმაც არ დააყოვნა – მთავრობა “გამოცოცხლდა” და ხალხის მოთხოვნას ყურადღება მიაქცია.

„არის ძალიან უხვი, ჭარბი მოსავალი. ძალიან მსხვილი მარკეტებიც კი დაკეტილია. რესტორნული, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები აღარ მუშაობს და ბუნებრივია, შემცირდა ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება. მიუხედავად ამისა, გუშინ სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ და მისგან მარაგდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გაიტანა ხუთი დიდი მოცულობის, 13 და 10 ტონიანი მანქანებით პროდუქცია“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის თქმით, გარდა ამისა, სოფლებში, სადაც კიტრის მოსავალია, შესაბამისად აღჭურვის შემდეგ, ადგილობრივებსაც მიეცათ საშუალება, „ემ 2“ ტიპის ავტომობილებით თავადაც გაეტანათ პროდუქტი და ეს შემდგომაც გაგრძელდება.