70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს მაისის თვის პენსიით სარგებლობა დღესვე შეეძლებათ

“ლიბერთი ბანკმა” მაისის თვის პენსიების საკუთარი რესურსით, წინასწარ ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო – განცხადებას ამის შესახებ ბანკის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რისკ ჯგუფში მყოფ, 70 წელს გადაცილებულ პირებს ჩარიცხული პენსიით სარგებლობა დღესვე, 27 აპრილს, სოციალური ბარათის მეშვეობით შეეძლებათ.

რადგან ნაღდი ფული კორონავირუსის გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს, მისი მიღების შესაძლებლობა ყველა ასაკობრივ პენსიონერს ეტაპობრივად, ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით მიეცემა, ხოლო იქამდე პენსიონერებს შეეძლებათ, ჩარიცხული თანხები სოციალური ბარათის მეშვეობით გამოიყენონ.

განცხადების მიხედვით, პენსია წინასწარ ჩაერიცხებათ 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიონრებსაც, თუმცა ჩარიცხვის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

“ლიბერთი ბანკმა”, ისევე როგორც აპრილში, მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, განახორციელებს 100-მილიონ ლარიან პროგრამას მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.
მაისის პენსია წინასწარ ჩაირიცხება დღეს, 27 აპრილს, 70 წლის და ზევით მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მყისიერად ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით, გადაიხადონ საკუთარი სოციალური ბარათით  და შეიძინონ სასურველი პროდუქცია მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას  თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთერთ საფრთხეს წარმოადგენს.

ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, პენსიის თანხების ნაღდი ფულით მიღების შესაძლებლობა მიეცემა ყველა ასაკობრივ პენსიონერს ეტაპობრივად, ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge. ამ პლატფორმაზე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ნახვა, თუ ზუსტად რა თარიღიდან შეძლებს პენსიის მიმღები მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით მიღებას “ლიბერთის” ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან.

ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც უპასუხებს ჩვენი მომხმარებლების  კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან.
რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ პირებს – საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მათი პენსიები ასევე ჩაირიცხება წინასწარ, ზუსტი თარიღი ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში,” – ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავი2