ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, რომლებმაც Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში სამუშაო დაკარგეს, მთავრობისგან დახმარებას ვერ მიიღებენ.
„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება, სამწუხაროდ, საკმარისი“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.
ასეთი ადამიანები არიან ძიძები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე მძღოლები, დამლაგებლები და ა.შ. „იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული“, – თქვა თამარ ბარკალაიამ.
„იმ შემთხვევაში, თუ [მოქალაქე] მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი, სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ქ-ნი ბარკალაიას დაზუსტებანი წინააღმდეგობაში მოდის პრემიერმინისტრის დაპირებებთან, მაგრამ, როგორც ჩანს, ბარკალაია ახლა ჩიქოვანის როლს ასრულებს – ცუდი ამბები მოსახლეობას პრემიერმა არ უნდა აუწყოს, იგი “სოციალური დისტანციიდან” უნდა დირიჟორობდეს თავის ხელქვეითებს და მათ ალაპარაკებდეს უსიამოვნო ამბებს.
ერთი ასეთი ფოტო, როგორიც ზემოთ არის წარმოდგენილი, ალბათ, ქ-ნ ბარკალაიასაც ექნება.
ახლა ქ-ნი ბარკალაია გაილანძღება და არა თავად გახარია. ასეთია ბრბოს ფსიქოლოგია.
შეგახსენებთ, რომ თვითდასაქმებულების და არაფორმალურად მშრომელების რეგისტრაცია, მთავრობისგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 21 მაისიდან დაიწყება და პირველ ივნისამდე გაგრძელდება. ამ მიზნით მზადდება სპეციალური საიტი, სადაც მოქალაქეებს თავიანთი მონაცემების ატვირთვა შეეძლებათ.