თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი კორონავრუსის პრევენციის თვალსაზრისით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ.
როგორც კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, აკვირდებიან არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ მერია გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ამის თაობაზე შესაბამისი პირების მხრიდან რეკომენდაცია გაიცემა.
კალაძის თქმით, ახალ კორონავირუსთან ერთად შესაძლოა, ცხოვრება მოგვიწიოს, ხოლო ვაქცინის გამოგონებამდე დისტანციის დაცვა და შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინება აუცილებელია.
„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანპორტი,როდესაც დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.