საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის დავით ცინარიძისთვის ბრალის წარდგენა დღეს მოხდება

“კურიერის“ ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის დავით ცინარიძისთვის ბრალის წარდგენა დღეს მოხდება. ის დიღმის მასივის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადმოყვანილი.

გამოძიება მას ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლით ედავება. როგორც “კურიერს” წყარო უყვება, დაპირისპირება მის საცხოვრებელ სახლში გუშინ გამთენიისას მოხდა. დავით ცინარიძემ გასროლა მოახდინა, თუმცა არავინ დაშავებულა. ამის შემდეგ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დააკავეს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. დუმილს ამჯობინებენ დავით ცინარიძის ოჯახის წევრებიც. დღეს მის საცხოვრებელ სახლში მისი ყოფილი კოლეგები იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია რა მიზეზით – მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, თუ მათ ცინარიძის ოჯახის წევრები მოინახულეს. ისინი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მომხდარში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს.

დავით ცინარიძის სახელს 6 წლის წინ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებზე დავით ცინარიძის სახელით გავლენის მოხდენას ცდილობდა და ე.წ. “ნარუშილოვკების” სკანდალის შემდეგ, 2015 წელს, დავით ცინარიძემ საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ის დააქვეითეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

“კურიერი’