ინფიცირების 20, 30 ან 40-ით ზრდა ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად რამდენიმე ათეული იქნება, მაშინ ჯანდაცვის სისტემა სიტუაციის მართვას სრულად შეძლებს.

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში შემზღუდავი ზომები თანდათან მსუბუქდება, თუმცა საზოგადოებამ არ უნდა დააიგნოროს გაცემული რეკომენდაციები.

მან ასევე ის რეკომენდაციები ჩამოთვალა, რომელიც დადგენილია.

“დღეს გვაქვს 22 ახალი შემთხვევა, ყველას წყარო ცნობილია. 15 დაკავშირებულია თეთრიწყაროს კლასტერთან და დანარჩენი ყველა კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. ყველა მათგანი გადაყვანილია დღეს უკვე შესაბამის სამკურნალო ცენტრებში და მიმდინარეობს მათი მკურნალობა. 179 ადამიანია უკვე გამოჯანმრთელებული. სამწუხაროდ გვაქვს 6 გარდაცვალების შემთხვევა. თუმცა ჩვენი პროცენტი სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 1.1% ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ ასეთი ზრდა დინამიკისა, თუ ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ანუ, თუ იქნა 20, 30 ან 40 ყოველდღიური ზრდა ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.