ჩვენს უახლეს ისტორიაში არაერთი ფაქტის მოწმენი გავხდით, როდესაც საზოგადოება სხვადასხვა ქვეყნებში და მთელი ხალხებიც კი, იწყებენ საკუთარი ისტორიის გადაფასება, რაც, ასე ვთქვათ, სპეციფიკურ სახეს იღებს ხოლმე. საკუთარი წარსულის გადაფასება, თუკი იგი სიმართლეზე და რეალობის ობიექტურ აღქმაზეა დამყარებული, სავსებით ნორმალური და ჯანსაღი მოვლენაა, მაგრამ როდესაც ეს პროცესი უმეცრებას, ბრბოს ინსტინქტებს ან, სულაც, პოლიტიკურ პროვოკაციას მოსდევს, მაშინ საქმე გვაქვს მავნე და მახინჯ მოვლენასთან.
ჩვენს პოსტკომუნისტურ რეალობაში ასეთი პროვოკაციული და არაჯანსაღი ფსევდოგადაფასების მაგალითები, სამწუხაროდ, უხვად არის. თუნდაც სააკაშვილის რეჟიმი გავიხსენოთ, როდესაც ბნელეთის მოციქულები შეეცადნენ, აგვისტოს ომის დროს, გორში შესული რუსი ჯარისკაცების ხელით მოეხდინათ სტალინის ძეგლის აფეთქება. რუსებმა ეს არ იკადრეს და ულტრა-ლიბერალებმა შემდგომ წლებში გააძლიერეს ზეწოლა თავიანთ სამარცხვინო ბელად მიშაზე, რომელმაც სტალინის ძეგლი ღამით, ქურდულად მოახსნევინა. ქუთაისში დიდი სამამულო ომის მემორიალი, მერაბ ბერძენიშვილის შედევრი, ამ ნაძირალამ ხომ საერთოდ ააფეთქებინა და ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა!
მაგრამ რაზე მეტყველებს ეს სავალალო ფაქტები? განა ძეგლებთან ბრძოლის ეს მაგალითები სააკაშვილის რეჟიმის გაკოტრებას არ მოასწავებდა? როდესაც „მიშამ“ თავისი ნდობის ლიმიტი ხალხში საერთოდ ამოწურა, იგი სწორედ მაშინ შეუდგა ძეგლებთან ბრძოლას. ამ ყველაფერს მან ე. წ. „პატრიოტის აქტი“ (ხალხურად -„პადოშას კანონი“) დაამატა, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს. მაგრამ მანამ, სანამ პრეზიდენტ „მიშას“ კიდევ რაღაც რესურსი ჰქონდა და ხალხის ნაწილს მისი სჯეროდა, იგი მაინცდამაინც ვერ იცლიდა ძეგლებთან და წარსულის სხვა სიმბოლოებთან საბრძოლველად. დიდების მემორიალის აფეთქება ქუთაისში, „პადოშას კანონი“, სტალინის ძეგლის დემონტაჟი იქცა სააკაშვილის რეჟიმის სრული გაკოტრების წინაპირობად და გამოხატულებად ერთდროულად.
ის, რომ ძეგლებთან ბრძოლა ხელისუფლებისთვის ცუდის მომასწავებელია, ისევ და ისევ სტალინის პიროვნებასთან ბრძოლისას იწვნია ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელმაც დიდხანს ვერ იბოგინა. მაგრამ ხრუშჩოვი იქით იყოს, სააკაშვილთან ერთად, რა ხდება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში? პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ახლა კი უკვე ჩეხეთში, თავიდან „გახურდა“ ძეგლებთან ბრძოლის პროცესი – ებრძვიან არა მხოლოდ სტალინის პიროვნებას, არამედ ფაშიზმისგან საკუთარი გათავისუფლების ისტორიას.
პოლონეთმა, რომელმაც 1930-იან წლებში, საბჭოთა კავშირის არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ გააფორმა სამხედრო ალიანსი მოსკოვთან ჰიტლერის წინააღმდეგ, ნაცვლად ამისა კი ჰიტლერთან ერთად დაესხა თავს მეზობელ ჩეხოსლოვაკიას, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სტალინის წყალობით, გერმანიისგან საჩუქრად ჩაიბარა ვრცელი ტერიტორიები აღმოსავლეთ პრუსიაში, პომერანიასა და სილეზიაში, რამაც მას აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი სახელმწიფოს სტატუსი შეუნარჩუნა. ბალტიისპირა რესპუბლიკებმა არნახული ეკონომიკური ბუმი ნახეს – მოსკოვმა უზარმაზარი ინვესტიციები ჩადო ამ რესპუბლიკების განვითარებაში და აქამდე ეკონომიკურად ჩამორჩენილი მეთევზეებისა და მეძროხეების ქვეყნები მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებად აქცია, აუშენა პორტები და სხვა ინფრასტრუქტურა, ელექტროსადგურები, ქარხნები და ფაბრიკები, კულტურული, სამკურნალო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, დასასვენებელი, სპორტული ცენტრები. 1991 წელს, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ეს ყველაფერი გამართულ მდგომარეობაში ჩაიბარეს და რა მოსკოვის ბრალია, თუ ამ დანატოვარს ვერ მოუარეს და მისი დიდი ნაწილი თავად გაანიავეს?
დავუშვათ, გასაგები იქნებოდა, რომ ძეგლებთან ბრძოლა ამ ქვეყნებს 1990-იანი წლების დასაწყისში, ნაციონალიზმისა და ანტიკომუნიზმის პიკის ჩავლის შემდეგ დაესრულებინათ. მათ შემდგომ ნატოს და ევროკავშირის წევრობაც მიიღეს და თითქოს „გაბედნიერდნენ“. მაგრამ არა. როგორც ჩანს, როგორც ბალტიისპირეთში და პოლონეთში, ისე უკვე ჩეხეთში, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში, კვლავ გაიხსენეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ძეგლი და მონუმენტი ჰქონიათ „დასანგრევი“. მაინც რამ გამოიწვია ძეგლებზე „ნადირობის“ ახალი ტალღა?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძალზე რთულია, მაგრამ, რასაკვირველია, გლობალისტების და ამერიკული პოლიტიკური წრეების გარეშე ეს არ მოხდებოდა. განსაკუთრებით დასანანი და თან აუხსნელია ჩეხების მიერ ჩადენილი ბარბაროსობა, როდესაც მათ, სულ ახლახანს, მარშალ კონევის – პრაღის განმათავისუფლებლის, მონუმენტი მოხსნეს. ჩეხებს არაფერი აქვთ დასამდური საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან, 1968 წლის „პრაღის გაზაფხულს“ – ისტორიის თვალთახედვით, ერთ მცირე ეპიზოდს, თუ არ ჩავთვლით, რადგან მათ გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე დაკარგეს. საბჭოთა ჯარისკაცმა იხსნა ჩეხები ნაცისტური ასიმილაციისაგან, გერმანელი ნაცისტებისგან, რომლებსაც ისინი მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მონურად ემსახურებოდნენ და საუკეთესო სამხედრო ტექნიკას უმზადებდნენ საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად. დასავლეთის „დემოკრატიებმა“ ჩეხეთი, იმჟამად ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა, ჰიტლერს დაუტოვეს საჯიჯგნად და ამ ფონზე მხოლოდ საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ იხსნა ეს ერი გაქრობისაგან.
გამოდის, რომ ჩეხეთშიც, ისევე როგორც პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, კომუნიზმის გავლენიდან გამოსვლის 30 წლის თავზე, ბევრი რამ არ არის წესრიგში და კრახი განიცადა დასავლურმა ინტეგრაციამ. ეს ქვეყნები ვერ ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან სუვერენულ სახელმწიფოებად და მათ არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ. გერმანიის დედაქალაქში, მათგან განსხვავებით, ინარჩუნებენ განმათავისუფლებელი საბჭოთა ჯარისკაცის მონუმენტს, ამიტომაც არის გერმანია ნამდვილი ევროპა (თავისი ყველა ნაკლოვანების მიუხედავად), ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები – ევროპის მეორეხარისხოვანი დანამატები. მათ არ ამართლებთ ის გარემოება, რომ ანტისაბჭოთა და ანტირუსულ განწყობებს გლობალისტური ძალები აღვივებენ ადგილობრივი, მორჩილი პოლიტიკური ისტებლიშმენტის საშუალებით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებში ძალიან ბევრი შეგნებული მოქალაქეც ცხოვრობს, რომელთაც არ მოსწონთ ის, რასაც სჩადის მათი ხელისუფლება. მაშასადამე, იმედი მაინც არსებობს, რომ დღევანდელი ვითარება ოდესმე უკეთესობისკენ შეიცვლება.
გიორგი რაზმაძე