რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს “ქართულ ოცნებასთან”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს “ქართულ ოცნებასთან” ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს, ის მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდამჭერია და პარტიისგან რაიმე სახის დავალებებს არ იღებს.

“ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება, თუ არ ვცდები, 2013-2014 წლებიდან “ქართულ ოცნებასთან” აღარ აქვს. ის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და ებრძვის “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოსაც წარმოადგენდა.

მას აქვს და ჰქონდა “ეsპერსონა” -ასეთი სააგენტო და ოპერირებდა მედია სივრცეში და მათ შორის, Facebook სივრცეში, მაგრამ “ქართულ ოცნებასთან” მას ოფიციალური კავშირი, ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს ან რაიმე დავალება მის მიმართ “ქართული ოცნებიდან” არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება, ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია, ის ვერც Facebook-მა მიუთითა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კავშირი არ არსებობს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook-მა “ესპერსონასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ანგარიშები წაშალა.

 

“კურიერი”