საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების კვლევაში ჩაერთვება

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების კვლევაში ჩაერთვება. შეთავაზება ქვეყანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო. საუბარია სულ 4 მედიკამენტზე, მათ შორის არის ”პლაქვენილი.”. ეს არის საშუალება, რომელსაც კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნები აქტიურად გამოიყენებენ. უკვე დაწყებულია კონსულტაციები.

როდის დაიწყებს პროცესს და ბრძოლას COVID-19-ის წინააღმდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით უცნობია.

“კურიერი” ესაუბრა ინფექციონისტებს, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩართულნი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე მკურნალობენ ინფიცირებულ პაციენტებს. ისინი ამბობენ, რომ შიდა კონსულტაციები საკითხზე არის უკვე დაწყებული, ახლა კი ისინი კონკრეტულ რეკომენდაციებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწერილ პროტოკოლს ელოდებიან, თუ როგორი პაციენტების შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული ამ მედიკამენტების ჩამონათვალი.

არის 4 დასახელების მედიკამენტი. ერთ-ერთი მოგეხსენებათ არის „პლაქვენილი“, რომელსაც მედიკოსები პაციენტების მკურნალობისთვის პირველივე დღიდან იყენებენ, რასაც სხვადასხვა მედიკოსების მხრიდან არა ერთი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 4 პრეპარატიდან ერთ-ერთი სწორედ „პლაქვენილი“ დაასახელა. მეორე არის „რემდესივირი“, რომელიც ებოლას წინააღმდეგ გამოიყენება და ასევე არის კიდევ ორი პრეპარატი: „ლოპინავირ ლიტონავრი“ და „რინდეფეროლი“. ერთ-ერთი მათგანი შიდსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

“ამ პრეპარატების ეფექტურობაზე ჯერჯერობით არ არის ასეთი დადებითი კვლევები. გრძელდება. რადგან კვლევა გრძელდება, ნიშნავს, რომ დადასტურებული ეფექტები ჯერჯერობით არც ერთი პრეპარატების მიმართ არა გვაქვს, თუმცა გამოიყენება თქვენგან ჩამოთვლილი ყველა პრეპარატი. გრძელდება მათი გამოყენება და ამ ჩატარებული ერთი დიდი კვლევის შედეგებს დადებენ და იტყვიან უპირატესი ალბათ რომელია,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ გამოყენებული აქვთ პრეპარატი  “პლაქვენილი” პაციენტებში, სადაც კონკრეტული მდგომარეობაა განხილული და ყველგან მიღებულია პრეპარატით მკურნალობის დადებითი შედეგი.

“ჩვენ გამოყენებული გვაქვს “პლაქვენილი” პაციენტებში, სადაც კონკრეტული მდგომარეობაა განხილული და კონკრეტულად ამ პაციენტისთვის ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზეა დანიშნული, ყველგან მიღებული გვაქვს დადებითი შედეგი. დაველოდოთ საბოლოო რეკომენდაციებს,” – აღნიშნა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა.

 

რუსთავი2