უკრაინიდან ელჩის გამოძახება სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა

ელჩის კონსულტაციებისთვის თბილისში გამოძახების გადაწყვეტილებას შეგვიძლია ვუწოდოთ სერიოზული შეცდომა.ეს ნაბიჯი გარკვეულ დიპლომატიურ დემარშს წარმოადგენს, – ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ნიკა ჩიტაძემ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩიტაძის შეფასებით, სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადება უადგილოა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სააკაშვილი არა ვიცე-პრემიერად, არამედ სხვა თანამდებობაზე დაინიშნა, არ მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაითვალისწინა. ჩიტაძის შეფასებით, ასე რომ ყოფილიყო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არც სხვა თანამდებობაზე დაინიშნებოდა.

„ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების განცხადება არის უადგილო. ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის გადაწყვეტილებას შეგვიძლია ვუწოდოთ სერიოზული შეცდომა. ეს ნაბიჯი გარკვეულ დიპლომატიურ დემარშს წარმოადგენს. ამბობენ, რომ კონსულტაციებისთვის ხდება ელჩის თბილისში გამოძახება, მაგრამ ეს არის დიპლომატიური დემარში, რომ ქართული მხარე უკმაყოფილებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში გარკვეულ თანამდებობაზე დაინიშნა. არამგონია, რომ უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაითვალისწინა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე არ დაინიშნა. უბრალოდ, უკრაინის რადაში ვერ მოგროვდა ხმათა საკმარისი რაოდენობა, რათა მიხეილ სააკაშვილი ამ პოსტზე დამტკიცებულიყო. საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ თითქოს სააკაშვილი მრავალ დანაშაულშია მხილებული და მისი დანიშვნა ნეგატიურად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. უკრაინის ხელისუფლებას ეს რომ გაეთვალისწინებინა, სააკაშვილს არც სხვა თანამდებობას შესთავაზებდა. რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, სადაც სააკაშვილი დაინიშნა, საკმაოდ მაღალი თანამდებობაა და უკრაინა მოიქცა როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. დიდი ალბათობით, უკრაინამ ასევე გაითვალისწინა უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები. ვიცით, რომ საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა ის რეფორმები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ახორციელებდა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიზნესის თავისუფლების კუთხით საქართველო პირველ ოცეულში შევიდა; იგივე კორუფციის აღქმის ინდექსი გაუმჯობესდა; მსოფლიო ტურიზმის მონაცემებით, 2011 წელს საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იყო ტურისტების ზრდის კუთხით. გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები სააკაშვილს აღიარებდნენ როგორც რეფორმატორს და არ არის გამორიცხული, რომ უკრაინამ უცხოელ პარტნიორებთანაც გაიარა კონსულტაციები,“ – განაცხადა ჩიტაძემ.

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ასევე გამოეხმაურა სისხლის სამართლის საქმეებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენს.

„გააჩნია რომელი ქვეყნის მართლმსაჯულება იღებს გადაწყვეტილებას. ასე მერაბ კოსტავაც კომუნისტური მმართველობის დროს კრიმინალი იყო, იმიტომ, რომ ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდა და რეალურად იყო ეროვნული მოღვაწე, რომელიც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. თავის დროზე მიხეილ ჯავახიშვილიც თურმე „ხალხის მტერი“ იყო და დახვრიტეს. ანუ გააჩნია, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. თუ ის საკუთარ ქვეყანაში დანაშაულებშია მხილებული, ისიც გასათვალისწინებელია, როგორი სასამართლო სისტემა და პროკურატურა გააჩნია ამ ქვეყანას და როგორიც გააჩნია, Freedom house-ის მონაცემებში გამოჩნდა,“ – განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე შეფასებით, ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის დანიშვნაზე იგნორირება გაეკეთებინა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ „სააკაშვილი წარსულია“ და ახლა უკრაინაში სააკაშვილის გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნის გამო მათი გაღიზიანება ერთმანეთთან შეუსაბამოა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მთავარი კოზირი ხელიდან ეცლება.

„თუ წარსულია, მაშინ რაღა ანერვიულებთ? ე.ი. გამოდის წარსული არ არის. „ქართული ოცნება“ ამ მიდგომით მართავს ქვეყანას: მართალია, რაღაც დაპირებები ვერ შევასრულეთ, მაგრამ სამაგიეროდ, ძალადობას ბოლო მოეღო, ციხეებში ხალხს აღარ ურტყამენ, ქუჩაში ხალხი წყნარად გადის და ა.შ. სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტ ძალად წარმოჩენამ ბევრ ადამიანში გაჭრა, მათ შორის ამან იმოქმედა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობაში ინფორმაციულ ომს ეწევა და ხალხს უმტკიცებს, რომ სააკაშვილი კრიმინალია და ამ დროს ეს კრიმინალი უკრაინაში გარკვეულ თანამდებობაზე ინიშნება. ესე იგი მთლად ეგრეც არ არის საქმე. კითხვები ჩნდება, თუ ის კრიმინალია, რატომ არ აპროტესტებს მის დანიშვნას საერთაშორისო საზოგადოება? ევროკავშირი ან ამერიკა რატომ არ აცხადებს ამის შესახებ? საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ერთად ამტკიცებს, რომ სააკაშვილი დამნაშავე და კრიმინალია. გარდა ამისა, სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება და მისი უკრაინაში წარმატება „ნაციონალურ მოძრაობასაც“ პლუსს მისცემს, მის რეიტინგს აამაღლებს. როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში, უკრაინაში სააკაშვილს ამ თანამდებობაზე ნიშნავენ, ეს მეტყველებს იმას, რომ სააკაშვილი ნამდვილად რეფორმატორია და ის, რაც აქ მის წინააღმდეგ არის აგორებული ტყუილი გამოდის. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ მთავარი კოზირი ხელიდან ეცლება,“ – განაცხადა ჩიტაძემ.

„რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ორივე ქვეყანას საერთო პრობლემა აქვს და ამ პრობლემის ირგვლივ ერთიანობაა საჭირო. არ შეიძლება, ერთმა ადამიანმა, თუნდაც ეს იყოს ყოფილი პრეზიდენტი, საფუძველი შექმნას იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობები არ არსებობდეს. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და საერთო ძალისხმევაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო – ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა. უკრაინა მდიდარია მარცვლეული კულტურით და თუ რუსეთი მარცვლეულზე ექსპორტს ზღუდავს, უკრაინიდან შეიძლება მისი იმპორტი. ასევე, შესაძლებელია ქართული ღვინის პროდუქციის ზრდა უკრაინის ბაზარზე და ა.შ.“ – განაცხადა ჩიტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 მაისს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. დღეს კი საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციებისთვის თბილისში გამოძახების გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ინტერპრესნიუსი“