საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ვალერი ჩეჩელაშვილმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა:
„როგორც მინიმუმ, ეს უკრაინისთვის არ არის კარგი სიგნალი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არის ნეგატიური კომპონენტიც და პოზიტიურიც. ნეგატიური კომპონენტია ელჩის თბილისში გამოძახება და ორი ქვეყნის ურთიერთობაში გარკვეული პრობლემების შექმნაზე საუბარი. თუმცა ესეც ძალიან დიპლომატიურად არის ფორმულირებული. ამ განცხადებაში წავიკითხე უკრაინის ხელისუფლების მიმართ გზავნილები, რომ შემდგომი გართულებები ორივე მხარემ თავიდან ავირიდოთ.
აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეეცადა მისი ხელმძღვანელობა (საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელი პრემიერია- “ალია”) დაერწმუნებინა იმაში, რომ საქართველოს არ გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ როგორც ჩანს, მისი არგუმენტები დამაჯერებლად არ იქნა აღქმული.
შესაბამისად, ეს ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა განცხადების პოზიტიური კომპონენტი იყოს ის, რომ საქართველო არ აპირებს უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობების სტატუსის გადახედვას. ვიმედოვნებ, უკრაინა არავითარ საპასუხო ზომას არ მიმართავს და რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. უკრაინა რუსეთთან ჩვენი საერთო ბრძოლის საკვანძო კომპონენტია. აქ მთავარია ჩვენ საერთო მტერი დავამარცხოთ. უკრაინის ნებისმიერი წარმატება არის ასევე საქართველოს წარმატება. ამიტომ მინდა, მიხეილ სააკაშვილის წარმატებები ვუსურვო მის ახალ თანამდებობაზე,-განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
წყარო : „ინტერპრესნიუსი“