თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 68 პაციენტია მოთავსებული, აქედან კოვიდინფიცირებულია 52 პაციენტი. ექიმის თქმით, დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ მიმართული. როგორც რატიანმა აღნიშნა, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათი კლინიკიდან 9 გამოჯანმრთლელებული პაციენტი გაეწერა.
„ბოლო რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევა არ მიგვიღია და ეს ძალიან გვახარებს. იცით, რომ რეანიმაციაში გვყავს 3 პაციენტი, აქედან ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა , ორი კი გამარტივებულ ხელოვნურ ვენტილაციაზე, დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან, არცერთთან არ დასტურდება კოვიდინფექცია. განყოფილებაში არსებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს.
დაახლოებით, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი და კლინიკას კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს. იმედია ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა რატიანმა.
“ინტერპრესნიუსი”