კალაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში, განაცხადა:

„არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში, არ გვყავს ჩვენ პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი.

8 მარტის შეთანხმებაში ზოგადად განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერ იქნებოდა, რადგან ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, თვითონ შინაარსი მოცემული არის ამ ე.წ. მემორანდუმი დავარქვათ, თუ შეთანხმების დოკუმენტში, ყველაფერი არის ასახული, რაც საზოგადოებამ იხილა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არის სრულ მზადყოფნაში, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, არის სრული მობილიზება, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს.

თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში“ – აღნიშნა  კალაძემ.