სიმონ ნოზაძე რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს ემხრობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ, სააგენტო “თვალსაზრისის” და “ნიუსფრონტ-საქართველოს” ჟურნალისტებთან საუბარში ყურადღება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და ამ ურთიერთობების მომავალზე გაამახვილა:

„ისტორიულად ქართულ-რუსული ურთიერთობები ხელოვნების სფეროში, კულტურაში, ძალიან მაღალი იყო და ქართველები პატივს სცემდნენ რუს ხელოვნებს, და პირიქით, რუსები ქართველების ხელოვნებას ყოველთვის აფასებდნენ. მე ასე ვფიქრობ,  რომ სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის კულტურის სფეროში თანამშრომლობა, ხელოვნების სფეროში თანამშრომლობა, სპორტის სფეროში თანამშრომლობა…

მაგრამ მე მაინც ხაზგასმით აღვნიშნავ: თუკი შეიქმნება სათანადო პირობები, მე გამართლებულად მიმაჩნია – დეპუტატები შეხვდნენ დეპუტატებს, პოლიტიკოსები შეხვდნენ პოლიტიკოსებს, ვაწარმოოთ დიალოგი, დავიწყოთ პირველი ნაბიჯების გადადგმა და ვნახოთ შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები. ზოგჯერ ისმის შეკითხვა: უნდა აღდგეს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თვითმიზანი არ უნდა იყოს, არამედ მოვლენათა განვითარების ლოგიკური შედეგი. თუკი ჩვენ მოვლენების განვითარებაში დავრწმუნდებით, რომ ეს ლოგიკურ შედეგამდე მიგვიყვანს დიპლომატიური ურთიეთობების აღდგენისა, რა თქმა უნდა, მერე დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, მაგრამ ჯერ რაიმე პირობების გარეშე, ერთმანეთთან დიალოგის წარმოებაც შეიძლება“ – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.