კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად, -ამის შესახებ ევროპარლამენტარი, დემოკრატიისა მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.
მისი თქმით, სამწუხაროა „ქართული ოცნების“ მცდელობა, გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.
დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია „ქართული ოცნების“ მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
კრამონის თქმით, ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს საქართველოს მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე.
„ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე“,-წერია კრამონის განცხადებაში, რომელიც მის გვერდზეა გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე უამრავი განცხადება გაკეთდა “ქართული ოცნების” მხრიდან, სადაც ერთხმად აცხადებენ,რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა.