რუსთავში მოხსნილია ბარიკადები და ხელოვნური ჯებირები

ერთი თვიანი კარანტინის შემდეგ რუსთავი გახსნილია. უკვე 3 საათია ქალაქის მიმართულებით გადაადგილება შეუზღუდავია.

 

ქალაქ რუსთავის შესასვლელში ბარიკადები და ხელოვნური ჯებირები მოხსნილია. ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა საველე ჰოსპიტლების და ყაზარმული პუნქტების დემონტაჟი მოახდინეს, სადაც მოსახლეობის შემოწმება ხდებოდა.

რაც  შეეხება სიტუაციას ქალაქში, “კურიერი” რუსთავის მერს ესაუბრა. ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ გარკვეული შეზღუდვები გრძელდება, ეს დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებას უკავშირდება.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საწარმოებსა და ქარხნებს, ვინაიდან მათი ფუნქციონირება ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“პრევენციის მიზნით ალბათ იცით, რომ ქალაქი რუსთავი სპეციფიკურია თავისი საწარმოების სიმრავლით და რა თქმა უნდა აქ ჩვენც მწარმოებლებთან ერთად საქმიანი ურთიერთობა დავიწყეთ და ერთად ვაყალიბებდით იმ სტანდარტებს, რომლითაც საშუალება გვექნება, რომ ერთად ავიცილოთ ეპიდსაშიშროება და დღეს უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული კულტურა ასე ვთქვათ და საწარმოები დამოუკიდებლად ახორციელებენ ამ ყველაფერს, მუნიციპალიტეტიც და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიც,” – აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

“კურიერი” ასევე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ვითარება მარნეულში დღითიდღე უმჯობესდება და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილებაც უკვე 18 მაისიდან ნებადართული იქნება.

მარნეულიც მზად არის. მარნეულში დიდი ხანია კონტროლს ექვემდებარება დაავადების ინფექციის გავრცელების დინამიკა. აბსოლუტურად სრულად არის შესწავლილი სიტუაცია და ვიცი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი მედიკოსების რეკომენდაცია მარნეულთან დაკავშირებით იქნება ასევე დადებითი და მოგვეცემა საშუალება მარნეულის გახსნის,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

“კურიერი”