ტრანსპორტის აღდგენაზე მითითებებს ველოდებით, გვაქვს სრული მზადყოფნა

„ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, ვართ მობილიზებულები, ველოდებით ეპიდემიოლოგების მითითებებს და მაშინვე, როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. რისი გათვალისწინება, რისი დაცვა მოგვიწევს, ამაზე გვექნება წინასწარ კომუნიკაცია მოსახლეობასთან“, – აცხადებს თბილისის მერი.

მისი თქმით, წლის ბოლომდე დედაქალაქში ავტობუსების არსებული პარკი მთლიანად ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლდება და ძალიან მნიშვნელოვანია საავტობუსე ზოლების არსებობა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტინ უნდა იყოს ქალაქში ყველაზე კომფორტული, ყველაზე სწრაფი და შეფერხების გარეშე უნდა შეეძლოს გადაადგილება. ყველა იმ ქუჩაზე, რომელიც იძლევა საავტობუსე ზოლების გაკეთების შესაძლებლობას, ამ პროექტს განვახორციელებთ. პარალელურად, ყველა ქუჩაზე, სადაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საავტობუსე ზოლები, ველობილიკებისთვის განკუთვნილი ადგილები, ანუ ყველაფერი მოგვყავს იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, როგორც არის ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა და ქალაქებში. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, რაც უკვე დაწყებული გვაქვს“ – განაცხადა თბილისის მერმა.

 

წყარო: “თაიმერი”