საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარების გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერი აპირებს კანონში ცვლილებები შეიტანოს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გარეშე გააგრძელოს შეზღუდვები – არ იქნება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ შეზღუდვები “საჭიროა” და ამისათვის კი კანონის ცვლილებაა აუცილებელი, რადგან – კანონი არ იცნობს ასეთ “უცნაურობას” – არ იყოს საჭირო საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მაინც დაწესდეს ის შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს წესდება.
პრემიერი:
„მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი.
შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის, ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე”
გაზეთი “ალია” ამ ვითარებას ასე აფასებს, რაც ჩვენთვისაც (“ნიუსფრონტი”), დიდწილად მისაღები შეფასებაა:
მთავრობას არ შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გარეშე დატოვოს კომენდანტის საათი, არ შეუძლია, აუკრძალოს 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს გარეთ გამოსვლა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე და არ შეუძლია შეზღუდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა – საგანგებო მდგომარეობის მოხსნის პირობებში.
რომელი აკრძალვის დატოვებას ფიქრობს მთავრობა? სამივე უნდა რომ დატოვოს, თუ მხოლოდ ორი, ან ერთი? – ამაზე პრემიერს არ უსაუბრია.
ხელისუფლებას სჭირდება ასევე სამართლებრივი საფუძველი იმისათვისაც, რომ აკრძალოს 10 და მეტი ადამიანის ერთად შეკრება – სწორედ ამ შეზღუდვებისთვის სჭირდება კანონში ცვლილება – გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ არც გაუქმდება, ფურცელზე გაუქმებული იქნება, მაგრამ რეალურად ცხოვრებას გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით.
თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამაიმედებელია, თუ პანდემია ვმართეთ, რატომ უნდა გაგრძელდეს შეზღუდვები – უცნობია.
ერთმა კაცმა თქვა ჩურჩხელა არ მიყვარსო, როგორო ჰკითხეს, თხილი არ გიყვარსო? – კი, მიყვარსო. – აბა, თათარა არ გიყვარსო? – ეგაც მიყვარსო. – აბა, ძაფს არც ჩვენ ვჭამთ, ბიძიაო.
ხოდა, თათარაც გვიყვარს და თხილიც, მაგრამ ძაფის ჭამის დროაო, დაახლოებით, ეგ ცვლილება შევა კანონში და ამ ცვლილების გამოყენება მთავრობას შეეძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დროს შეეძლება დააწესოს შეზღუდვები, მაშინაც კი, თუ არც პანდემიაა, არც საგანგებო მდგომარეობა და არც შეზღუდვის საჭიროება.
პირდაპირ საარჩევნო კანონში ჩაგეწერათ ბარემ, რომ არჩევნების წინ, მთავრობა იტოვებს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, შეკრება და ყველა შეზღუდვა გამოიყენოს, რომ მოიგოს არჩევნები!
“ალია“