15 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ადგილზე დაეხმარნენ უცხოეთში მყოფ 20,302 მოქალაქეს, ხოლო დაბრუნდა – 11 046.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.
„2020 წლის 15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11,046 მოქალაქე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. ეს მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.
როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ უწყებაში.
ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 18 მაისი – ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი.
ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
“ალია”