პოლიტიკური მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი კახა კოჟორიძე პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზეც საუბარია ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის მიწერილ წერილში:
“ორივე მიმართულება, როგორც ლეგიტიმური ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე აკრძალული სამეწარმეო საქმიანობა არის დანაშაული და ამ სიტყვის არა პოლიტიკური, არამედ პირდაპირი სამართლებრივი გაგებით. კონკრეტული ფაქტები, რაც არის ამ წერილში მითითებული, წარმოადგენს დანაშაულს. შესაბამისად “ლელო” მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს,” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. მთავარი თემა “ფრონტერა” და საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობაა. “ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. მმართველობის პრობლემებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას, იმუშაონ და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან” – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ტედ კრუზი და ჯონ კორნინი წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად.
რუსთავი2