ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა, მინუს ივანიშვილი, მუშაობს მაჟორიტარების ნაწილში და პარტიული მრავალფეროვნება მუშაობს მომავლისთვის, რათა ამ ქვეყანაში ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყრის თუ არა მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს, უგულავამ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ამასთან, როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, დღეს ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბებიან, სადაც თავადაც მივა.
„ოპოზიციის ერთსულოვნებამ შესაძლებელი გახადა ის, რომ ლაქა, რომელიც ივანიშვილის „ოცნებამ“ ჩვენი სახელმწიფოს სხეულზე წარმოქმნა თავისი გაუგონარი, უტიფარი ტყუილებით, სწორედ ამ ერთულოვნებამ დაამარცხა. ოპოზიციამ გამოავლინა ის, რომ კრიტიკულ, მნიშვნელოვან საკითხებში, როცა საქართველოს ეხება საქმე, ოპოზიციას საერთო ენის გამონახვა შეუძლია. როდესაც გამოწვევა არის ძალიან ვერაგი, ისეთი, როგორიც არის ივანიშვილი, ოპოზიციამ დაანახა, რომ მას შეუძლია კოორდინაცია და ერთად დადგომა. ჩვენ ვხედავდით ამ ერთობის დაშლის გამუდმებულ მცდელობას. ერთი მხრივ, იმდენად პრაგმატულად მოქნილი და მეორე მხრივ, იდეოლოგიურად გამართული აღმოჩნდა ეს ერთობა, რომ გაცილებით უფრო მტკიცეა, ვიდრე ხელისუფლების ხრიკები ან ივანიშვილის ფული.
სანამ სამივე მოსმენა არ იქნება, მანამდე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ რა საარჩევნო სისტემა იქნება. ეს იმის გამო, რომ ამ ხალხის სიტყვის ფასი ნულია. როდესაც სისტემა მიიღებს უკვე მოქმედი კანონის სახეს, მერე ჩვენ კონსულტაციას დავიწყებთ. ჩემი აზრით, პირველი და მთავარი, მე ამაზე მანამდეც ვსაუბრობდი და შემდეგშიც შევეცდები დავარწმუნო ჩემი კოლეგები, არის ის, რომ ალტერნატივა არ აქვს მაჟორიტარებში კოორდინაციას. რაც შეეხება პარტიულ ნაწილს, აქ უნდა იყოს მრავალფეროვნება. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში იწყება ახალი ეპოქა და ეს იქნება პარტიული მრავალფეროვნების ეპოქა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა, მინუს ივანიშვილი, მუშაობს მაჟორიტარების ნაწილში და პარტული მრავალფეროვნება მუშაობს მომავლისთვის იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი ამ ქვეყანაში, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვისაც დღეს, შეიძლება ასე თავგადაკლულად მოსწონდეს „ქართული ოცნება“, – განაცხადა უგულავამ.
“ipn”