როგორ დავიცვათ თავი გაყალბებული ინფორმაციისგან პანდემიის დროს? ინსტრუქცია

ახალი კორონავირუსის გარშემო ატეხილ დიდ მითქმა-მოთქმას, რომელიც ხშირად გაყალბებულ ინფორმაციას ეფუძნება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ინფოდემია“ უწოდა.

ჯანმო იძულებული გახდა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე შეექმნა სპეციალური გვერდი კორონავირუსული ინფექციის შესახებ არსებულ მითებზე. აქ სპეციალისტები ხსნიან, რომ COVID-19-თან ბრძოლა ხელის ელექტროსაშრობებით, ცხელი აბაზანებითა თუ ნივრით უშედეგოა. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ახალი კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ესა თუ ის ინფორმაცია ყალბია?

წესები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს გაყალბებული ახალი ამბებისგან დაგვიცავს

პირველ რიგში, უნდა გავეცნოთ 4 მარტივ წესს, რომლებიც ინფორმაციული ჰიგიენის დაცვაში დაგვეხმარება:

–    არ დაუჯეროთ „საინტერესო ფაქტებს“;
–    ფრთხილად მოეკიდეთ ფოტოებსა და ვიდეოებს, თუნდაც ისინი ნამდვილი იყოს;
–    არ დაუჯეროთ მეგობრებსა და მეცნიერებსაც კი, რომლებიც მათთვის უცნობ თემაზე საუბრობენ ან წერენ;
–    შთამბეჭდავი ინფორმაცია გადაამოწმეთ იმ ვებგვერდებზე, რომლებიც გაყალბებულ ინფორმაციას (fake news) აგროვებენ.
ახლა კი თითოეულ მათგანი დეტალურად განვიხილოთ.

თუ ერთ ინფორმაციაში ძალიან ბევრი „საინტერესო ფაქტია“, ფრთხილად იყავით!

ყალბი ამბავი უფრო მიმზიდველი, საინტერესო და დამაიმედებელია, ვიდრე – გადამოწმებული. სწორედ ეს განაპირობებს მის პოპულარობას. Twitter -ზე ჭორების კასკადის შესახებ ჩატარდა კვლევა, რომელიც 2018 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა. ამ ნაშრომის ავტორთა მტკიცებით, გაყალბებული ახალი ამბავი სწრაფად იმიტომ ვრცელდება, რომ ერთი შეხედვით უფრო შინაარსიანად და მიმზიდველად გამოიყურება. ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მას ერთდროულად ბევრი საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტი შეატყობინეს. მას სურს, ეს სხვებსაც გაუზიაროს.

თუ შეტყობინებას ფოტო ან ვიდეო ახლავს, მას მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ!

თუ მიღებულ შეტყობინებას ან გავრცელებულ ინფორმაციას ფოტო ან ვიდეო ახლავს, ეს მას დამაჯერებლობას სძენს. თუმცა  სკეპტიციზმი აქაც აუცილებელია. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ეს ვიდეო ან ფოტო ნამდვილი.

ხელისუფლება აპირებს, ისეთივე მკაცრი კარანტინი დააწესოს, როგორც იტალიაში და თვეობით სახლში გამოგვკეტოს. კარანტინის რეჟიმზე კი პასუხისმგებელი იქნებიან სამხედროები. არმია უკვე ქალაქშია და ბრძანებას ელოდება, – ასეთი შეტყობინება ლონდონის მცხოვრებლებმა მარტის შუა რიცხვებში WhatsApp-ით მიიღეს. ამ გზავნილს თან ახლდა არაპროფესიონალის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც Photoshop-ში რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგს სულაც არ ჰგავდა: მანქანის საქარე მინაში ქალაქის საავტომობილო ხაზის გასწვრივ სამხედრო სატვირთო მანქანების კოლონა ჩანდა. ფოტო ყალბი სულაც არ იყო, უბრალოდ ის არ გადაუღიათ ლონდონში, უფრო მეტიც, საერთოდ არ ასახავდა დიდ ბრიტანეთს, სადაც საავტომობილო მოძრაობა გზის მარცხენა მხარეს არის, ფოტოზე ასახული სამხედრო მანქანები კი გზის მარჯვენა მხარეს იდგნენ.

ეპიდემიის დროს სრულიად უწყინარი ამბავიც კი შეიძლება ყალბი აღმოჩნდეს. Twitter-ზე გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, თითქოს ვენეციაში კარანტინის დროს გედები დაბრუნდნენ, მილიონი მოწონება და 280 ათასი გაზიარება მოიპოვა. ამას ყურადღება მიაქცია ელიოტ ჰიგინსმა, რომელიც საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის დამფუძნებელია. პირველ რიგში, მან ვენეციაში Google Street View-ის დახმარებით ფოტოზე მოცემული ხიდის ძებნა დაიწყო და რა თქმა უნდა, ვერაფერი იპოვა. სამაგიეროდ ხიდი აღმოჩნდა ვენეციის მეზობლად მდებარე კუნძულ ბურანოზე. თუმცა გედები აქ ეპიდემიამდეც მოცურავდნენ, რადგან ბურანო ტურისტებით იმდენად დატვირთული არ არის და არხებიც გაცილებით სუფთაა.

ამავე თემაზე ვიდეოც არსებობს და როგორც ჟურნალ National Geographic-ის ვებგვერდზე წერენ, ის ნამდვილია. თუმცა გადაღებულია არა ვენეციაში, არამედ ქალაქ კალიარიში, რომელიც ვენეციიდან დასავლეთით, თითქმის 1000 კილომეტრის დაშორებით, კუნძულ სარდინიაზე მდებარეობს.

არ დაუჯეროთ მეგობრებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრები არიან. იგივე ეხება მეცნიერებსაც…

2017 წელს ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რომელშიც 1489 ადამიანი მონაწილეობდა. პროექტი ამერიკის პრესის ინსტიტუტის ინიციატივით განხორციელდა. კვლევამ აჩვენა, რომ დავიჯერებთ თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, დამოკიდებულია მის შინაარსსა და პირველწყაროზე. სწორედ ეს უკანასკნელი არის ტვინისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალი: ჩვენ ვრეაგირებთ ნაცნობ სახეზე (მეგობარი ან უბრალოდ პოპულარული ადამიანი) და მის მიმართ ნდობით განვეწყობით.

ასე რომ, თქვენს ინფორმაციულ ველში მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს კონსპიროლოგიური  სტატია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი აშშ-ის ბიოლოგიური იარაღია და მას „მონღოლოიდური რასის წარმომადგენლების“ წინააღმდეგ იყენებს. ეს სტატია დაიწერა იქამდე, სანამ COVID-19 ჩინეთის ფარგლებს გარეთ გავრცელდებოდა. გენეტიკოსები იძულებული არიან Nature Medicine-ში სამეცნიერო სტატიები გამოაქვეყნონ, რათა ახსნან ვირუსის შესახებ გავრცელებული ჭორის შეუსაბამობა, რომლის მიხედვითაც ის სპეციალურ ლაბორატორიაში ვირთხის, გველისა და აივ ინფექციის გენომისგან შეიქმნა.
მაშინაც კი თუ მსგავს სტატიას იზიარებს თქვენთვის კარგად ცნობილი პროფესორ-ფიზიკოსი, მისდამი თქვენი პატივისცემა ამ მასალაზეც არ უნდა გავრცელდეს. ეს ექიმებსაც ეხებათ. მაგალითად, ესა თუ ის თერაპევტი შეიძლება კარგად ერკვევა გრიპის მკურნალობის პროცესში, მაგრამ როდესაც ის სოცალურ ქსელში აზიარებს მასალას ვირუსის ხელოვნური წარმოშობის ან სამი თვის შემდეგ ეპიდემიური მდგომარეობის შესახებ, ამ ყველაფერს მის პროფესიონალიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გადაამოწმეთ ინფორმაცია იმ ვებგვერდებზე, რომლებიც ყალბ ახალ ამბებს აგროვებენ

ვებგვერდი Snopes.com ჭორებსა და ლეგენდებს 1995 წლიდან აგროვებს, 2016 წელს კი კომპანია Facebook-მა მასთან დაიწყო ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სიახლეების გადამოწმება ხდებოდა, თუმცა ეს თანამშრომლობა 2019 წელს შეწყდა. ახალ კორონავირუსს აქ ცალკე რუბრიკა აქვს დათმობილი: მართალია თუ არა, რომ სატვირთო მატარებლებს, წარწერით COVID, მთელ ამერიკაში კორონავორუსი ცისტერნებით გადააქვთ? ტყუილია. მართალია თუ არა, რომ ჩინეთში ეპიდემიის შეჩერების მიზნით, ახალი კორონავირუსით დაავადებული 20 ათასი პაციენტი მოკლეს? დადასტურებული ტყუილია. მართალია თუ არა, რომ ეპიდემია კლებას დაიწყებს, როგორც კი დათბება? განცხადება მტკიცებულების გარეშე: მეცნიერებს საკმარისი მონაცემები არ აქვთ.

ახალი კორონავირუსის შესახებ არსებული ყალბი ინფორმაციის საკუთარი კოლექცია ვებგვერდ BuzzFeedNews-საც აქვს. აქ გაქარწყლებულია ჭორი იმის შესახებ, რომ კოსმოსიდან ჩანს, თუ როგორ მუშაობენ ჩინეთში პანდემიის დროს კრემატორიუმები.

წყარო: “იმედინიუსი”