რუსეთში მცხოვრები პოპულარული ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი, გამოცემა «Собеседник»-თან საუბარში ამბობს, რომ დედამიწაზე მიმდინარეობს მოსახლეობის ხელოვნური შემცირება:
“მე არ ვიცი, ეს ყველაფერი მართლა ბილ გეიტსმა თუ გააკეთა, მაგრამ უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ისმის საუბარი, რომ არსებობს ადამიანთა განსაკუთრებული კასტა, რომელიც მსოფლიოს მართავს. მათ გადაწყვიტეს პლანეტის მოსახლეობის შემცირება. რა თქმა უნდა, ეს ძალზე საწყენია, რადგან ადამიანები კვდებიან. გამოდის, რომ ადამიანი კლავს ადამიანს, ეს კი ღმერთს ეწინააღმდეგება”.
ქართველი ხელოვანი ასევე ვარაუდს გამოთქვამს, რომ “კორონაკრიზისი” შემთხვევით არ მოხდა დიდი რელიგიური დღესასწაულების პერიოდში:
“ჯერ იყო იუდაისტური პასექი, შემდეგ ჩვენი, მართლმადიდებლური. ახლახანს ჩვენს მუსლიმ ძმებსა და დებს რამადანის მარხვა დაეწყოთ. სწორედ ამ დღესასწაულების დროს ადამიანები სახლებში შერეკეს. ანუ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ადამიანები ამ რთულ პერიოდში, ყველაფრის გარდა, ღვთის გარეშე უნდა დარჩნენ. ეს დაუშვებელია!” – აღნიშნა სოსო პავლიაშვილმა, რომელიც, მისივე თქმით, ყოველ დღე რამდენჯერმე ლოცულობს.