მესმის ჩვენი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას

ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანმა , რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან,

ვითომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ჩემთვის მძიმე და ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშრებით, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც, იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოისხეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული, კრიმინალური დანაშაულების გამო შეიწყალეს, თუმცა პრეზიდენტს რა თქმა უნდა, შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი დღეს, ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად არის მეორეხარისხოვანი, იმიტომ, რომ არავის ეგონოს, რომ კოვიდი დამარცხებულია. არავის ეგონოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია. ეს ასე არ არის. მსოფლიოში სისტემური სახელმწიფოები არიან, რომლებიც დღეს ხან მეორე ტალღას გვიანონსებენ, ხან მესამე ტალღას. გაურკვევლობა არის ამ კრიზისის და გლობალური გამოწვევის ყველაზე დიდი მახასიათებელი კომპონენტი, რის პირობებშიც პატარა ქვეყნების და მთავრობების პასუხისმგებლობა ათმაგდება” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

“აიპრესი”