“ოცნებამ” ცოტა ხნის წინ კონსტიტუცია შეცვალა და ახლა ავტორიტარიზმის ინიცირებას ახდენს

“ოცნებამ” ცოტა ხნის წინ კონსტიტუცია შეცვალა და ახლა ავტორიტარიზმის საფუძვლის მიმცემ ინიცირებას ახდენს, – ამის შესახებ “აიპრესს” იურისტმა ლევან ალაფიშვილმა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განუცხადა.

ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა განმარტონ რას ნიშნავს ტერმინი “კარანტინი” და რომ მისი შემოღება პარლამენტის გარეშე არ იქნება შესაძლებელი.

“საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ კანონს კი არა მთავრობას შეეძლება ჩარევაო, რაც თავისთავად ანტიკონსტიტუციურია. სამწუხაროა, რომ ამდაგვარ ინიციატივას ზუსტად ის გუნდი აკეთებს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ კონსტიტუცია შეცვალა. მათ წარმოაჩინეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა გავხდით და დემოკრატია წარმომადგენლობითი და ინსტიტუციური გახდაო. ამ ცვლილებით კი ავტორიტარული რეჟიმისთვის საფუძვლის მიმცემ ინიციატივას აკეთებს”, – ამბობს ალაფიშვილი.

კითხვაზე, რა შეუძლია გააკეთოს მთავრობას თუ ის საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობას ვერ ხედავს, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს საჭიროდ მიიჩნევს? – პასუხობს:

“კონსტიტუციის ფარგლებში უნდა დარჩეს. კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების თავში რა ჩანაწერიც არის იმ ფარგლებში უნდა იმოქმედოს და მეორე განმარტოს რას ნიშნავს ტერმინი „კარანტინი“. არცერთ საკანონმდებლო აქტში ტერმინი „კარანტინი“ განმარტებული არ არის.  ჩაწეროს, რომ კარანტინის შემოღების დისკრეცია აქვს პარლამენტს და მის გარეშე არ მიიღება და მხოლოდ ასე შეიძლება შემზღუდველი რეგულაციების მიღება პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში”, – გვითხრა ლევან ალაფიშვილმა.

იურისტმა ასევე გვითხრა: ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება სახელმწიფოს კონსტიტუციურ გადატრიალებას შევადაროთ. 

შეგახსენებთ, პარლამენტში დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება გარკვული შეზღუდვების დაწესება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები.