ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან კობერიძეს შორის მოხდა. დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფიო კილაძემ კობერიძეს შემდეგი ფრაზით მიმართა: „ნამუსი არ გაქვს“.
თავის მხრივ, ლევან კობერიძემ სოფიო კილაძეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„ნამუსი არ გაქვს“ – ეს რა მიმართვაა? მგონი შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ნამუსი შენკენ მოიკითხე. რა სიტყვებია. ცოტა დაუწიე ტონს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ასე შეურაცხყოფას ნუ აყენებ ადამიანს,“ – მიმართა კობერიძემ სოფო კილაძეს.
სოფო კილაძემ კი კობერიძეს უპასუხა, რომ მას სკანდალი სურს.
„სკანდალი გინდა ეტყობა და მიკროფონი ჩართე, რომ კოლეგისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინა. ყოველ დღე აქ ვარ და შენგან განსხვავებით, საქმესაც ვაკეთებ“- მიმართა სოფო კილაძემ.
დაპირისპირებამდე რამდენიმე წუთით, ლევან კობერიძემ თავის გამოსვლაში იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით სოფიო კილაძე კრიტიკულ მოსაზრებას დააფიქსირებდა.
ცნობისათვის, ახალი კანონპროექტი მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე აძლევს. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
“ინტერპრესნიუსი”