რა სიახლე ინერგება სკოლებში

“სკოლებში იქნება შეფასების შემდეგი სისტემა- განმავითარებელი შეფასება. ესაა სწორედ ის სიახლე, რაც დაინერგება ყველა კლასში და ის დარჩება პანდემიის შემდეგაც, რადგან პედაგოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო სისტემაა”.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში ახალი იდეები შემოვიტანეთ. ეს დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე. სკოლებში იქნება შეფასების შემდეგი სისტემა – განმავითარებელი შეფასება. ესაა სწორედ ის სიახლე, რაც დაინერგება ყველა კლასში და ის დარჩება პანდემიის შემდეგაც, რადგან, პედაგოგიური თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო სისტემაა. ამას იყენებენ განათლების თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები. მაგალითად, ფინეთი და ესტონეთი. არსი ასეთია; თითოეული მასწავლებელი წერილობითი ფორმით აფასებს თითოეული, ინდივიდუალური სტუდენტის აკადემიურ დინამიკას, მის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული მოსწავლის აკადემიური გზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავად მოსწავლისთვის, რადგან ესაა უკუგების მნიშვნელოვანი ფორმა, ასევე ეს მნიშვნელოვანია მოსწავლის მშობლისთვის და, რასაკვირველია – მასწავლებელბისთვისაც. წელს ეს მეთოდი უკვე დაინერგება.

ამის პარალელურად, ცხადია, იქნება ტრადიციული შეფასებაც – ნიშანი. თუმცა აქაც გვაქვს ნიუანსები, რაც პანდემიის პირობებში შემოვიტანეთ. წლიური ქულისთვის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და ეს ვარიანტები ჩვენ შევთავაზეთ სკოლებს. სწორედ სკოლების ავტონომიისა და მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისთვის, ამ რამდენიმე ვარიატიდან, სკოლას თავად შეეძლება, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელ სისტემას აირჩევს, თავად სკოლის სპეციფიკიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

 

 

 

“აიპრესი”