საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გარეშე, მკაცრი რეჟიმის კონკრეტულ ლოკაციებზე დაწესების შესაძლებლობის აუცილებლობას ხედავს მმართველი გუნდი. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კანონი აუცილებელია, რათა ის ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების დროს ქვეყანაში ამოქმედდეს.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ეს მთავრობას კრიზისის სწორად მართვის საშუალებას მისცემს.
“რისკი არ შემცირებულა, პანდემია რჩება პანდემიად და შესაძლოა იყოს მეორე და ასევე მესამე ტალღა. სწორედ ამიტომ, რომ დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეები და არ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და საკანონმდებლო დონეზე მთავრობას ჰქონდეს კრიზისის სწორად მართვის საშუალება, ამიტომ ჩვენ შემოვიტანეთ ინიციატივა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში, დავაზუსტოთ ის რეგულაციები, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ პანდემიების და საშიში ინფექციების გავრცელების შემთხვევაში,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
“კურიერი”