სამყაროში კოვიდ19-ის პანდემიის გამოცხადებიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ისლანდიელმა ეპიდემიოლოგმა და ვირუსოლოგმა კარი სტიფენსონმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ისლანდიაში ინფიცირება გამოვლინდა -12 გრადუსის ფონზე.
ახალ კორონავირუსს 20-მდე დამცავი შრე აქვს და ბევრი სხვა ვირუსისგან განსხვავებით, მინუსოვან ტემპერატურაზე ცოცხლობს. იგი სწორედ თავისი რეზისტენტულობით ანუ გამძლეობით არის ასე საშიში.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ ზარ-ზეიმით განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვრების გაღებას გეგმავს. აღმოჩნდა, რომ საუბარია უკრაინიდან რეგულარული რეისების აღდგენაზე და არა მარტო უკრაინიდან…
ოფიციალურ სტატისტიკას თუ ვენდობით, მოსაზღვრე ქვეყნებში არასახარბიელო მდგომარეობაა, შედარებით მძიმე – რიგ არაბულ სახელმწიფოებში, ირანში და ინდოეთში. აღნიშნულ სახელმწიფოებს იმიტომ ვასახელებ, რომ მათი აეროკომპანიები რეგულარულ რეისებს ახორცილებდნენ თბილისის აეროპორტის მიმართულებით.
თუკი ახალი „კორონა“ ნამდვილად იმ დონის სახიფათო ვირუსია, როგორსაც მას წარმოგვიდგენენ ქართველი ვირუსოლოგები, მაშინ კითხვაც დავსვათ – ერთი „კორონიანი“ ტურისტიც რომ გაგვეპაროს საქართველოში, მეორე ტალღას ხომ მივიღებთ ? თავისთავად ცხადია, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტები ორკვირიან კარანტინს არ გაივლიან, სამაგიეროდ, მათ სწრაფი ტესტები ჩაუტარდებათ. მაგრამ უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთჯერადი ტესტი სასურველ შედეგს არ იძლევა და შეცდომაშიც შეუყვანია წარმატებული სახელმწიფოს მედიკოსები. 99 % სწორ შედეგს მოგვცემს მხოლოდ მოლეკულური ანალიზი, რომელიც ტურისტისთვის ვერ ჩატარდება. მაშ, რა გარანტია გვაქვს, რომ კოვიდ19-ზე ნეგატიურობის საბუთი წარადგინოს ტურისტმა საზღვარზე და ერთ მშვენიერ დღეს დადებითად იბარტყოს ყოველივემ ?
მივუბრუნდეთ ისევ ტურიზმს და მოვიშველიოთ გასული წლის ოფიციალური სტატისტიკა. 2019 წელს საქართველოს 1 400 000 რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მოინახულა… ოდნავ მეტი ვიზიტორი იყო აზერბაიჯანის და სომხეთის მხრიდან… ამ ქვეყნებში კი კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მაინც მრავლადაა… მეტიც, სამივე სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი აქვს სახელმწიფო საზღვარი და ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუ როდის გაიხსნება ის…
მონაცემებს თუ დავეყრდნობით, სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ საზღვარი შეიძლება ისრაელისთვის გავხსნათ …
შიდა ტურიზმეც ითქვა სიტყვა და შიდა საჰაერო რეისები ამოქმედდებაო… კი ბატონო ამოქმედდეს და ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ რომელი დაბალბიუჯეტიანი აეროკომპანიები გააჩნია საქართველოს იქნებ ოპონენტმა დამაკვალიანოს ?
აბსოლუტურად ყველა სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების ხელი გაუწოდა. საქართველოში კი რატომღაც ტერმინი ,,თვითდასაქმებული,, მოიგონეს და …
არადა, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, არცერთი მოწვევის პარლამენტს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრა არ უცდია… მეტიც, ოქსფორდ-კემბრიჯ დამთავრებულებს ტერმინი ,,უმუშევარი,, არ დაუმკვიდრებიათ კანონმდებლობაში. რა მარტივია, ჩაწერე ფორმულირება: უმუშევრად ითვლება ის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია შრომითი ხელშეკრულება იურიდიულ პირთან ! მგონი ამ წინადადების გაჟღერებას 10 კლასის განათლებაც უნდა ეყოს. პარალელურ რეჟიმში, უმუშევართა ბაზაც რომ შექმნილიყო, ნუთუ ასეთი რთული იყო ?
ძალიან ბევრი აღშფოთდა, რატომ ევროკავშირში არ იღებენ ერს… როგორ ბატონებო, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია კანონმდებლობით. ან რა გეგონათ, ანტიდისკრიმინაციული კანონით შევვარდებოდით ამ ორგანიზაციაში და “გაუმაარ-ჯოს! -ჯოს!” ძახილით მიგვიღებდნენ წევრად?
ამ სტატიას ვწერდი და რუსეთის ფედერაციის პრემიერის მიშუსტინის მოწოდება მომესმა საკუთარი მოქალაქეების მისამართით, რომ არ იჩქარონ და არ დაგეგმონ სეზონზე დასვენების დღეები თუ სად გაატარონ. უცბად გამახსენდა თურქეთის რესპუბლიკის ახალი რეგულაცია, რომ სახელმწიფო საჰაერო საზღვარი ანკარას და სტამბულის მიმართულებით, გახსნილია მხოლოდ იმ უხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც მკურნალობა სურთ !
გამოსავალი ? საქართველო თავად უნდა ქმნიდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტს, ამისთვის მთავრობამ დიდი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პანდემიამ გვიჩვენა, რომ აქცენტი ტურიზმზე არასწორია. სანამ საქართველოს მადლიერ მიწაზე არ მიეხედება სოფლის მეურნეობას, არ აშენდება ფაბრიკა-ქარხნები, არაფერი გვეშველება !
ბექა კვიციანი