გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემული ინტერვიუდან ერთი პასაჟი მინდა, გამოვყო – ამერიკელი ნეოლიბერალ-ნეოკონსერვატორების თემა. ჟურნალისტმა ეკა ნასყიდაშვილმა ძალიან კარგი შეკითხვა დამისვა და აქედან გამომდინარე, მსურს, ქართველ მკითხველს ელემენტარული ჭეშმარიტება შევახსენო.
მოგეხსენებათ, ამერიკა არის ლობიზმის ქვეყანა, ოღონდ ეს ლობიზმი არის ლეგალიზებული კორუფცია. ამერიკელები და ანგლო-საქსური სამყარო კორუფციას ლობიზმს (Lobbyism) უწოდებენ, ხოლო ცრუპროპაგანდას – პიარს (PR). ჩვენ, ქართველები, და არა მხოლოდ ჩვენ, დანარჩენი მსოფლიოც, „ლობიზმსა“ და „პიარს“ ვუწოდებთ ლამაზად შეფუთულ მავნე მოვლენებს.
ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს, რა ხდებოდა და ხდება უკრაინაში. ვიცით, როგორ ერეოდა უკრაინის ცხოვრებაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი შვილის მეშვეობით, მერკანტილური ინტერესების გამო. ასეა ამ კონგრესმენების შემთხვევაშიც და ასეა ევროდეპუტატების შემთხვევაშიც. ჩვენ გვახსოვს, ასევე კორუფციაში ჩაფლული შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ფრანგი გლუკსმანი. ამასთანავე, ჯორჯ ბუში–უმცროსის ადმინისტრაციაში იყო დაჯგუფება ნეოკონსერვატორებისა, რომლებიც სააკაშვილს ლობირებდნენ ფულის სანაცვლოდ, თუმცა სააკაშვილი მათ, პირველ რიგში, მთელი რიგი პროვოკაციების მოსაწყობად სჭირდებოდათ და გამოიყენეს კიდეც – რუსეთის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ნეოლიბერალი და ნეოკონსერვატორი, ფაქტობრივად, სინონიმებია მათი საგარეო-პოლიტიკიური ხედვებიდან გამომდინარე. რა არის მათი საგარეო-პოლიტიკური ხედვა? ამ ადამიანებისთვის ანტირუსული პროპაგანდა აუცილებელი პირობაა, სანამ საბჭოთა კავშირის დაშლა ბოლომდე არ არის მიყვანილი და სანამ რუსეთს კიდევ აქვს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე და დანარჩენ მსოფლიოზეც. შესაბამისად, განსხვავებები მცირეა – შესაძლოა, „ნეოკონსერვატორები“ უფრო მეტად უჭერენ მხარს ოჯახურ ფასეულობებსა და აბორტების წინააღმდეგაც გამოდიან, ვიდრე „ნეოლიბერალები“ (ეს საკითხიც ჯერ კიდევ გასარკვევია), მაგრამ საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე მათ ამ განსხვავებულ ხედვებს გავლენა არ გააჩნია.
ნეოლიბერალებსა და ნეოკონსერვატორებს სურთ, რომ მართლმადიდებლობა, როგორც სწავლება, დასუსტდეს, რისთვისაც ხდებოდა “ფერადი რევოლუციები”, მხარს უჭერდნენ ანტიეროვნულ და ანტიჰუმანურ მოქმედებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნეოკონსერვატორებმა გააკეთეს და ეს ემთხვევა როგორც ლიბერალურ თეზისებს, ისე ამერიკის საგარეო პოლიტიკის დოქტრინას, ამაში ისინი ერთნი არიან. ვიღაც კინზინგერის პოლიტიკურ შეხედულებებს – ლიბერალია იგი თუ კონსერვატორი, თუ რაღაც სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფაქტია: მისი თვალსაზრისი დიდად არ განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპის თვალსაზრისისგან ამერიკის საგარეო-პოლიტიკური „მტრების“ დეფინიციაში.
ტრამპს საერთოდ არ აინტერესებს საქართველო, არ იცის, ვინ არიან ოქრუაშვილი და უგულავა, მათი არსებობა არ იცის არც სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, განა იმიტომ, რომ ინფორმაცია არ აქვთ, უბრალოდ, არ აინტერესებთ. ეს არის დაბალი ინტერესების თემა, მაგრამ მუშაობს ბიუროკრატიული მანქანა. მას “ქართულმა ოცნებამ” მისცა სალაპარაკო თემა, რადგან, თუკი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო 20 ივნისს, მაშინ მხოლოდ ეს ორი ადამიანი რატომ უნდა დაეპატიმრებინათ?! უნდა დაეჭირათ ყველა ლიდერი და ისე უნდა დაესაჯათ, როგორც ეკუთვნით დამნაშავეებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის. ჩვენი ხელისუფლება ამ ადამიანებს ედავება გადაცდომებსა და საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობას, მაგრამ მხოლოდ ამ ორ ადამიანს და არავის სხვას. მაგალითად, ნიკანორ მელიას მოუხსნეს საპარლამენტო უფლებამოსილება და დანარჩენი სასჯელისგან გაათავისუფლეს. მოკლედ, თავშივე იყო შეცდომა და გაურკვევლობა, რომლითაც ისარგებლეს ყოფილმა ხელისუფლების წევრებმა. უგულავა-ოქრუაშვილი გარე ძალების დახმარებით გათავისუფლდნენ, რაც ქვეყნისთვის დამანგრეველია.
ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბროთ, იმაზე, რაც დაუფარავია. ამერიკის მხრიდან გრძელდება რუსეთთან სანქციების რეჟიმი, თუმცა ტრამპს უფრო მეტი აქცენტი აქვს გაკეთებული ჩინეთთან დაპირისპირებაზე, რადგან ეს ქვეყანა ძალიან განვითარდა, ეკონომიკა წინ მიდის და ვაჭრობით მოიცვა ბევრი ქვეყანა. ჩინეთს აფრიკაში აქვს სერიოზული საყრდენები, რადგან აფრიკას განვითარებაში ეხმარება. ჩინეთთან თანამშრომლობენ ამერიკის მოწინააღმდეგეები: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ვენესუელა, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები. კინზინგერმა რამდენიმე ხნის წინათ ერთ-ერთ გადაცემაში ჩინეთიც ახსენა, ფაქტობრივად, მან და სენატორებმა დაგვიშალეს არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობა, არამედ ჩინეთთანაც. გაიხსენეთ ანაკლიის პორტის ამბები, მაშინ გარკვევით ითქვა, რომ საქართველომ ჩინელები შემოუშვა, რის გამოც ამერიკელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის მიმართ. არადა, თუკი ჩინეთის მონაწილეობა არ იქნება ანაკლიის პორტის საქმეში, ამ პორტის არსებობას აზრი არ აქვს, კომერციულად მომგებიანი არ იქნება. კინზინგერი შეეხო ირანსაც. ბოლო წერილში, რომელიც პომპეოს გაუგზავნეს სენატორებმა, ნახსენები იყო საქართველოს უკანონო ვაჭრობა ირანთან, ე.ი., საქართველო ირანთან უკანონოდ ვაჭრობს თურმე, ხოლო უკანონო ვაჭრობა რას ნიშნავს, დასაფიქრებელია?!
საქართველო საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის სუვერენული სახელმწიფო და ამერიკელი სენატორები ჩვენს სუვერენიტეტს ზღუდავენ, არ გვაძლევენ უფლებას, ვიმოქმედოთ თავისუფლად, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ჩვენთვის ეს სანქციები არ დაუწესებია. ადრე თუკი ამერიკა არ ერეოდა ჩვენს ურთიერთობებში ირანთან, დღეს უკვე ერევა; ამერიკა არ ერეოდა ჩვენს ურთიერთობებში ჩინეთთან, დღეს უკვე ერევა. ასე რომ, ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, ტრამპი ლგბტ-ს მხარეს იქნება თუ არა. ამერიკას აქვს პოლიტიკა და ამერიკელები, იქნება ეს ლიბერალი თუ არალიბერალი, აწარმოებენ ერთ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს თუ “ოცნება” – ეს არ აინტერესებთ, რადგან დაბალანსებული აქვთ თავიანთი პოზიცია „ნაცებშიც“ და „ქოცებშიც“, ამიტომ დიდი ტრაგედია არ არის მათთვის, როგორი კონფიგურაცია იქნება პარლამენტში. ამერიკელებისთვის ტრაგედია იქნება, თუ საქართველოში ჩამოყალიბდება ძალების ახალი კონფიგურაცია, შეიქმნება ზემოაღნიშნული ორი ძალის ალტერნატიული, არაპროდასავლური ძალა.
ისმის კითხვა: რატომ ეპოტინებიან ასე ამ პატარა ქვეყანას? – ეს იმიტომ, რომ საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ირანთან ურთიერთობაზე, ჩინეთთან… მართალია, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ანტირუსული პროპაგანდა და რუსეთთან დაპირისპირებაა, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ამერიკისთვის ძალიან ხელსაყრელია, საქართველოში შესაძლებელია, შეფერხდეს ტრანზიტები ჩინეთიდან ევროპაში (რუსეთის გვერდის ავლით) და ირანიდან შავი ზღვისკენ და რუსეთისკენ. ამერიკას არ სურს, საქართველომ თავისი ტრანზიტული შესაძლებლობა გამოიყენოს, ამიტომ ახლა ირანთან და ჩინეთთან გვიკრძალავენ ურთიერთობას. საქართველო, როგორც გეორგაფიული ერთეული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. აი, ამიტომაც გვეპოტინება ამერიკა. სხვა განედზე რომ ვიყოთ, ხაჭაპურისთვის აქ არავინ მოვიდოდა.
სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არა ის, როგორი დამოკიდებულება აქვს ტრამპს “ლგბტ”-სთან. ეს აბსოლუტურად უმნიშვნელო თემაა, მით უმეტეს, რომ, როდესაც ტრამპს წინასაარჩევნოდ დასჭირდა, “ლგბტ”-ების დროშაც ჩაიხუტა საჯაროდ. რატომ ატრიალებენ ჩვენი ფეისბუკ-კონსერვატორები ლევან ბერძენიშვილის და სხვა ადგილობრივი ლიბერალების სურათებს ამ დროშით და ტრამპის შესახებ არაფერს ამბობენ? ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა დასავლეთში, მათ შორის, ამერიკაშიც, რომელიც, მთლიანობაში, ევროპასთან შედარებით უფრო კონსერვატულია, მაგრამ ეს კონსერვატიზმი არ ვრცელდება მის საგარეო პოლიტიკაზე – ამერიკა ჩვენთან მიმართებაში სოროსიც არის, “ლგბტ”-ც, ნეოკოლონიალისტიც და კარაბას-ბარაბასიც. ამის არდანახვა საკუთარი თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.
გულბაათ რცხილაძე