ბათუმში გუშინდელ აქციაზე დაკავებული 30 პირის სასამართლო პროცესს ელოდებიან. საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის აღძრული, შესაძლოა რამდენიმე შემთხვევაში ბრალი დამძიმდეს, რადგან ადგილი აქვს განმეორებით დანაშაულს.
“კურიერი” რამდენიმე დაკავებულს ესაუბრა, რომელთა თქმითაც, დაკავების პროცესში ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას.
“დამიჭირეს, ამიყვანეს ხელში და მანქანაში ჩამტენეს. ყველანაირი ძალადობის ნიშნები გამოიყენეს. მოიხადე ბოდიშიო. ტანსაცმელი შემოხეული მქონდა, ფეხსაცმელი დავკარგე,” – განაცხადა ანზორ თურმანიძემ.
“წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, პოლიციამ უთხრა დაიშალეთ და არ დაიშალნენ და ამით გაუწიეს წინააღმდეგობა,” – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა მადონა თურმანიძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გია ხალვაშის თქმით, სამართალდამცველები მოქალაქეებზე უკვე ხშირად ძალადობენ.
ბათუმში აქციები გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით, ეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.
გუშინ არეულობა ბათუმის ცენტრში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გზა გადაიკეტა.
რუსთავი2