ამერიკა უფრო გულუხვია საქართველოსადმი თუ რუსეთი – აფხაზებისა და ოსებისადმი? – პასუხად პროფ. ს. არჩვაძეს

მივეჩვიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მეცნიერება დიდი ხანია, განადგურდა, მათ შორის, სოციალური  მეცნიერებები. ამიტომ, მოსახლეობის განწყობებს წინასაარჩევნოდ ამერიკული ორგანიზაციები „იკვლევენ“, მერე ჩვენც აღვშფოთდებით ხოლმე „ენდეაი“ და „აირაიზე“.

თუმცა ეს ორგანიზაციები ჩვენს სოციოლოგებთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურებიან. ასე მაგალითად, პროფესორი იოსებ არჩვაძე, ეკონომისტი, სტატისტიკის შესანიშნავი სპეციალისტი, წერს სრულ აბსურდს და მას ტაშს უკრავენ სხვა პროფესორები, მათ შორის, ფინანსთა ყოფილი მინისტრი. აი რას წერს ბატონი სოსო:

Joseph Archvadze

რუსული იმპერიული „დახმარების” „ბრწყინვალება და სიღატაკე”

რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 1/5 და ამ ტერიტორიებზე ორი „სახელმწიფოებრივი წარმონაქმნით“ დემონტრაციულად არ ცნობს და ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას.
აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რა „სახელმწიფოებრიობაზე“ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 60%, ხოლო „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო ბიუჯეტის 90%-ზე მეტი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერტებია.
ეს რიცხვები, ერთი შეხედვით, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებიან. მაგრამ აი, აბსოლუტური მოცულობით ამ კვაზი-სახელმწიფოებისთვის გამეტებული დახმარების თანხა (ორივესთვის ერთად) აბსოლუტური მოცულობით იმაზე გაცილებით (მთელი 26.5%-ით!) ნაკლებია, ვიდრე ენგურსაქეთა საქართველოში მცხოვრებთა მიერ …მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის შეძენისას გადახდილი აქციზი. გარკვეულწილად სიმბოლურიც კია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შეძენილი თამბაქოს აქციზში 2019 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ჯვართამაღლებამდე და სოხუმის დაცემის დღემდე (27 სექტემბრამდე) გადახდილი თანხა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისათვის“ გაწეული ფინანსური დახმარების (შესაბამისად, 4.4 მლრდ. რუბლი და 7.5 მლრდ. რუბლი, ანუ ჯამში დაახლოებით 188.8 მლნ. აშშ დოლარი ან 532.1 მლნ. ლარი) ექვივალენტურია.
დასკვნა, ქართველები “ძალიან ბევრს” ეწევიან თუ რუსეთის მიერ გაწეული დახმარება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთისათვის“ საკმაოდ მოკრძალებულია და მათი „მოკლე ღვედზე“ ყოფნის იმპერიული პოლიტიკის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს, არც ისე რთული გასაკეთებელი უნდა იყოს.
აი, სადაც გულუხვადაა წარმოდგენილი რუსეთი, ეს საქართველოს ოკუპირებლ ტერიტორიებზე სამხედრო კონტინგენტის ყოფნაა! რუსული სამხედრო კონტინგენტის კონცენტრაციით აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ფაქტობრივად ტოლს არ უდებს მოსკოვის ოლქს. თავად განსაჯეთ: რუსი სამხედროების რაოდენობის თანაფარდობა მოსახლეობის რიცხოვნობასთან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ 7-ჯერ აღემატება მთელი რუსული ჯარის რუსეთის მოსახლეობასთან თანაფარდობის მაჩვენებელს, ხოლო ტერიტორიის ფართობის ერთეულზე რუსული სამხედროების რაოდენობით, შესაბამისად – 13.6-ჯერ.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების ფაქტობრივად პირველი დღეებიდანვე რუსეთი აწარმოებდა მტრულ, აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსადმი, რასაც ბევრი ჩვენი თანამემამულე კარგად ხედავდა, ზოგიც – ნაკლებად, მოზრდილი მოსახლეობის დიდ ნაწილს 1990-იანი წლებიდან თითქმის ორი ათეული წელი მაინც გამოჰყვა ე.წ. კოგნიტური დისონანსი – რუსეთთან მეგობრული დამოკიდებულების სურვილსა და რუსული იმპერიალისტური, საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულების პოლიტიკის ყოველდღიურ აღქმას შორის.
დღეისათვის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის ამგვარი დისონანსი თუ სინდრომი, თითქმის მთლიანად დაძლეულია, ხოლო ახალგაზრდებს ფაქტობრივად არც არასდროს ჰქონიათ იგი.
ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს მოსკოვმაც და პატრიოტული მოტივით გულში მჯიღის მცემმა, მაგრამ ცალი თვალით ისევ ჩრდილოელი „დაუძინებელი მეზობლისაკენ“ მზირალმა ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა…

 

ამის წაკითხვის შემდეგ, გამიჩნდა ასეთი შეკითხვა და მინდა, მივმართო პროფესორს:

ბატონო სოსო, რა შუაშია თამბაქოს აქციზი – რომელი ანალიტიკური მეთოდია, რომელი „ვარიაბელური“ ეს არის?

იქნებ შეგედარებინათ, ქართველები რამდენ ლუდს სვამენ, ზედ რამდენ „ვობლას“ აყოლებენ ან, სულაც, რამდენ „პლანს“ ეწევიან?!

დიდი პატივისცემით და მოკრძალებით, ოდნავ სხვა მეთოდს და საერთოდ, კვლევის მიზანს გთავაზობთ: შეადარეთ რუსული დახმარება აფხაზებისა და ოსებისთვის ამერიკულ დახმარებას, გაწეულს საქართველოსთვის.

მაშ ასე, ამას წინათ ამერიკელებმა ზარ-ზეიმით გამოაცხადეს, რომ 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე, მათ სახელმწიფოს ჩვენთვის სულ 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყვია. 1992 წელს საქართველოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს, სხვადასხვა შეფასებით 3,5 მილიონიდან 4 მილიონამდეა. გადავიანგარიშოთ 28 წლის მანძილზე გაწეული ამერიკული დაფინანსება საქართველოსთვის და 1 მილიარდი გავყოთ მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობაზე – 4 მილიონზე. მივიღეთ ციფრი 250. ესე იგი, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით, ამერიკას 250 დოლარი გაუმეტებია 28 წლის მანძილზე (ანუ წელიწადში 9 დოლარი).

2018-2020 წლების მანძილზე რუსეთმა აფხაზეთის დასახმარებლად გამოჰყო 11,5 მილიარდი რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 164,2 მილიონი დოლარი), ხოლო ცხინვალის დასახმარებლად კიდევ უფრო მეტი – 16,8 მილიარდი რუბლი (ანუ 240 მილიონი დოლარი). აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი სახლობს (მათ შორის, გალის რაიონის ქართველობა). რუსეთის დახმარება აფხაზეთის 1 სულ მოსახლეზე, ამ სამი წლის მანძილზე, გამოდის 684 დოლარი (228 დოლარი წელიწადში). რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ სულ 53 ათასი მოსახლეა აღრიცხული (ახალგორის ქართველებიანად) და რუსული დახმარება კაცზე 4528 დოლარი გამოდის სამი წლის მანძილზე, ხოლო წელიწადში – 1509 დოლარი!

რა თქმა უნდა, ეს დახმარება, გადათვლილი თითო სულ მოსახლეზე, პირობითია ორივე შემთხვევაში – როგორც ამერიკულის, ისე რუსულის, მაგრამ ციფრები მაინც ნათელჰყოფენ, რომ რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ამერიკაზე ბევრად უფრო ღარიბია, თავისი მოკავშირეების მიმართ ბევრად უფრო ხელგაშლილია, ვიდრე ამერიკა.

გარდა ამისა, ისევე, როგორც ამერიკას, რუსეთსაც თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებს მიჰყვება. არც ამერიკაა ვალდებული, ქართველები შეგვინახოს და არც რუსეთია ვალდებული, აფხაზები და ოსები არჩინოს, მაგრამ რუსეთი რომ არ დებს „ზედმეტ“ ინვესტიციებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების კლანურ ეკონომიკაში, ეს ვგონებ, იმას მოწმობს, რომ რუსეთი არ აპირებს მათ ანექსიას და მოლაპარაკებების გზით ქვეყნის რეინტეგრაციის შესაძლებლობას განზრახ გვიტოვებს!

ამერიკის მხრიდან საქართველოს „დახმარება“ ანუ როგორია სტრუქტურა საქართველოს დახმარების სახელით განხორციელებული ფულადი ტრანშებისა, კიდევ ცალკე საკითხია – აშშ-ის საბიუჯეტო თანხები დიდწილად ჩვენში მოქმედ მავნე „ენჯეოებს“ და ისევ მათი ამერიკელი კურატორების ხელფასებს მოხმარდა. ამერიკული ინვესტიციით გახსნილი წარმატებული საწარმოები ან სხვა სახის რეალური ეკონომიკური პროექტები მთელი ამ სამი ათეული წლის მანძილზე მიუღწეველია.

იმედია, ამ სერიოზულ თემებზე ვიკამათებთ და არა სიგარეტის აქციზზე ვიღლიცინებთ. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ამერიკელების მიერ წაქეზებული „გიჟი მიშას“ შემდეგ  აფხაზებს და ოსებს ჩვენთან საუბარიც აღარ სურთ და თავს დაცულად სწორედ რუსული სამხედრო ბაზების საშუალებით გრძნობენ. უბრალოდ, გაუგებარია, ბატონი სოსო, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მკერდზე მჯიღს რატომ იცემს ასე და რის დამტკიცებას ცდილობს.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი